ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | ბაქოს სალიცენზიო ტურნირზე ექვსი ქართველიდან ნახევარფინალში მხოლოდ რობერტ კობლიაშვილი გავიდა [ვიდეო] #1TVSPORT
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | ბაქოს სალიცენზიო ტურნირზე ექვსი ქართველიდან ნახევარფინალში მხოლოდ რობერტ კობლიაშვილი გავიდა [ვიდეო] #1TVSPORT

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ევროპის საკვალიფიკაციო ტურნირზე ექვსი ქართველი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე გამოვიდა, რომელთაგან ნახევარფინალში გასვლა მხოლოდ რობერტ კობლიაშვილმა (97 კგ) მოახერხა. ქართველმა მეოთხედფინალში ნორვეგიელი ფელიქს ბალდაუფი ბოლო წამზე დაამარცხა.

ბაქოს შეჯიბრზე მოასპარეზე სპორტსმენებიდან პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიებს მხოლოდ ფინალისტები მიიღებენ. რობერტ კობლიაშვილს ოლიმპიურ ლიცენზიამდე ერთი გამარჯვება აშორებს – იგი გერმანელ ლუკას ლაზოგიანისს შეხვდება.

ნახევარფინალები თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

დღეს ტურნირზე მოასპარეზე ხუთ მოჭიდავეს – ლერი აბულაძეს (60 კგ), დიეგო ჩხიკვაძეს (65 კგ), იური ლომაძეს (77 კგ), გურამ ხეცურიანს (87 კგ) და სულხან ბუიძეს (130 კგ) ოლიმპიური ლიცენზიების მოპოვების ბოლო შანსი მაისში, სტამბულის ტურნირზე ექნებათ.

ბაქოში 7 აპრილს ევროპის საკვალიფიკაციო ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაშიც გაიმართება, სადაც პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიებს მხოლოდ შეჯიბრების ფინალისტები მიიღებენ.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

57 კგ. რობერტ დინგაშვილი

65 კგ. გოდერძი ძებისაშვილი

74 კგ. ავთანდილ კენჭაძე

86 კგ. ვლადიმერ გამყრელიძე

ოლიმპიადის ლიცენზია ამ დროისთვის საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მხოლოდ ორ წევრს – გივი მაჭარაშვილსა (97 კგ) და გენო პეტრიაშვილს (125 კგ) აქვთ მოპოვებული.