რევაზ აფხაზავა - სკოლის საატესტატო გამოცდები აბსოლუტურად აზრს მოკლებული იყო
სკოლის საატესტატო გამოცდები აბსოლუტურად აზრს მოკლებული იყო, – ამის შესახებ განათლების სპეციალისტმა, რევაზ აფხაზავამ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„რეალურად, ჩვენ გვინდა, აქტიური მოქალაქეები აღვზარდოთ და ამ დროს, კონკრეტულ ადამიანს კონკრეტულ მომენტში ვამოწმებთ, კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით რაღაც კონკრეტული ახსოვს, თუ არ ახსოვს“, – განაცხადა რევაზ აფხაზავამ.
მისი თქმით, ეს ყველაფერი შემდეგ, ხდება განმსაზღვრელი 15,16,17 და 18 წლის ახალგაზრდებისთვის, რომლებიც შემოქმედებითად აქტიური არიან, მზად არიან ახალი ცოდნის აღმოჩენისთვის და შეუძლიათ, უამრავი საინტერესო აქტივობა განახორციელონ.
„მთელი სასწავლო პროცესი იმაზეა გადართული, რომ წინასწარ იცით, კონკრეტულ დროს, ამა და ამ საათზე იქ უნდა მიხვიდეთ, რათა იქ რაღაც კონკრეტული საკითხი გაგახსენდეთ. ეს აბსოლუტურად, მთლიანად ცვლის იმ პარადიგმას, იმ დამოკიდებულებას, რაც კარგი განათლების არსია. ეს კარგი განათლების არსი სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებას არც უნახავს, არც გაუგია და გონიათ, რომ თუ წინ რაღაც „ბუას“, საფრთხობელას დაუყენებ, ეს განათლების მიღების მოტივატორი იქნება“, – განაცხადა რევაზ აფხაზავამ.
როგორც განათლების სპეციალისტმა აღნიშნა, გამოცდა გამოცდის ჩაბარების მოტივაციას აჩენს, გამოცდისთვის მზადება განათლება არ არის და ადამიანებს ვამზადებთ არა ცხოვრებისთვის, არამედ გამოცდისთვის.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად მიიღებენ მოსწავლეები უგამოცდოდ აქტიურ ცოდნას საჯარო სკოლებში, რევაზ აფხაზავამ განაცხადა, რომ თუ სივრცე არ იქნება, მოსწავლეები აქტიურ ცოდნას ვერასოდეს მიიღებენ, ხოლო თუ სივრცე გაჩნდება, მიიღებენ.
„სკოლა განათლებას ვერ აძლევს და თუ ვერ აძლევს, რა გამოდის? ადამიანებს ვუნიშნავთ გამოცდას იმაში, რაც აპრიორი ვიცით, რომ არ იციან. ესე იგი, სახელმწიფო ეუბნება, კისერი გიტეხიათ, გამოცდებისთვის რანაირადაც გინდათ, ისე მოემზადეთო. გაჭირვებულ ადამიანებს, ვისაც ამის საშუალება არ აქვთ, საბოლოოდ ვწირავთ და ამით სოციალურ უთანასწორობას ვაღრმავებთ“, – განაცხადა რევაზ აფხაზავამ.
რევაზ აფხაზავამ ასევე განაცხადა, რომ რეპეტიტორობის გავრცელება ისე, როგორც საქართველოშია, მსოფლიოში არსად არ არის, რეპეტიტორობის ტოტალური გავრცელება განათლებაზე წვდომას ელიტურს ხდის და ადამიანებს არათანაბარ პირობებში აყენებს.