რესტორნებმა 6 თებერვალს თვითნებურად გახსნის გადაწყვეტილება შეცვალეს
შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით, მთავრობის გუშინდელი გადაწყვეტილება არის ყინულის გალღობა და წინგადადგმული ნაბიჯი იმ უფსკრულის ამოსავსებად, რომელიც საზოგადოებას, ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის ლოკდაუნის შედეგად შეიქმნა, – ამის შესახებ რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, შოთა ბურჯანაძემ განაცხადა.
მისი თქმით, შაბათს დაგეგმილი აქცია არ გაიმართება და რესტორნები მიტანის სერვისით გააგრძელებენ ფუნქციონირებას. მისი თქმით, „ეს არის ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯის დაფასება“.
„როგორც იცით, დაანონსებული გვქონდა რესტორნებს შაბათს დაუმორჩილებლობის აქტი, მე ამას დავარქმევდი თავისუფლებისთვის ბრძოლის აუცილებლობას სიცოცხლის გადასარჩენად. სურვილი გვქონდა, მიგვეღო სტუმრები და ჩვეულებრივად დაგვეწყო ფუნქციონირება რეგულაციების ფარგლებში. დღევანდელი გადაწყვეტილებაა, რომ შაბათს აქცია არ ჩატარდება და ამ რეგულაციებში, რაც არის ერთადერთი შესაძლებლობა, რესტორნები მიტანის სერვისით გააგრძელებენ ფუნქციონირებას. ეს არის გარკვეულწილად იმ გადაწყვეტილების დაფასებაც, რაც ხელისუფლებამ გადმოდგა“, – განაცხადა ბურჯანაძემ.
მისი თქმით, სარესტორნო ბიზნესისთვის შეზღუდვების შემსუბუქება, კონკრეტულად კი, 15 თებერვლიდან გარე სივრცეების გახსნა, არ ნიშნავს, რომ ეს დადებითი იმპულსის მომტანია. ბურჯანაძის განცხადებით, „გადაწყვეტილება ძალიან მინიმალურია“.
„ეს პროცესი რესტორნების დიდი უმრავლესობისთვის, მით უმეტეს, ამ ამინდში არაფერი ბენეფიტის მომტანი არ არის. ასე რომ, ეს გადაწყვეტილება შეიძლება ითქვას, ძალიან მინიმალურია“, – აღნიშნა ბურჯანაძემ.
მისივე განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ განიხილავს რესტორნების ნორმალური ფუნქციონირების შესაძლებლობას რეგულაციების ფარგლებში, დაუმორჩილებლობის აქტი რამდენიმე კვირით გადაიწევს.
„მე უფრო ვაფასებ საზოგადოებისთვის გადადგმულ ნაბიჯს, რაც ტრანსპორტსა და სკოლების გახსნას შეეხება. ამ ყველაფერს ერთობლიობაში განვიხილავ და ამას ასევე რესტორნებთან ერთობლიობაშიც განვიხილავთ. ჩვენს თანამშრომლებს შეეძლებათ, ტრანსპორტით იმგზავრონ და ესეც არ იყოს რესტორნებისთვის დამატებითი ხარჯი. ხაზგასმით მინდა ვთქვა, თუ 15 თებერვლის შემდეგ, კოვიდვითარების კუთხით ამ რიცხვებს შევინარჩუნებთ და ხელისუფლებას ვერ ექნება სალაპარაკო, რომ რაღაც გართულდა და აფეთქდა სიტუაცია, ჩვენ ვაანონსებთ, რომ დაუმორჩილებლობის აქტი გადაიწევს რამდენიმე კვირით, თუ ხელისუფლება არ განიხილავს რესტორნების ნორმალური ფუნქციონირების შესაძლებლობას რეგულაციების ფარგლებში. აქედან გამომდინარე, ის, რაც შაბათისთვის ითქვა, ეს შეიძლება ჩვენ ჩავთვალოთ, რომ ამ თვის რომელიღაც სხვა შაბათს განხორციელდება, თუ რეალურად ნაბიჯები არ იქნება გადადგმული. თუ ხელისუფლება, როგორც აქამდე იყო, ყრუ და გააგრძელებს ამ სიყრუეს, ამ შემთხვევაში, ისევ მიიღებს ისეთ რეაქციას, რომ საზოგადოება და ბიზნესი იქნება ერთად“, – განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.