რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ პროტესტის ნიშნად, თბილისში არსებული 86 რესტორანი ხვალ მიტანის სერვისს შეწყვეტს
პროტესტის ნიშნად, თბილისში არსებული 86 რესტორანი ხვალ, 24 საათით, მიტანის სერვისს შეწყვეტს, – ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, შოთა ბურჯანაძემ მიაწოდა.
„ლოქდაუნის გამო, ქვეყანა სოციალური აფეთქების ზღვარზეა მისული. კოტრდება ბიზნესები. სუფევს ტოტალური უმუშევრობა. პრობლემების დაძლევის ქმედითი ნაბიჯები არ ჩანს. ვინაიდან ქვეყნის ხელისუფლება არასათანადოდ აფასებს არსებულ პრობლემებს და ნიშნის მოგებით გვახსენებს, რომ გატანის სერვისით შეგვიძლია სარგებლობა, ჩვენ პროტესტის მიზნით, ერთი დღით უარს ვამბობთ გატანისა და ონლაინ სერვისებით სარგებლობაზე“, – აღნიშნულია რესტორატორთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამასთან, როგორც ასოციაციაში განმარტავენ, ხვალ მთავრობის კანცელარიის წინ, საპროტესტო აქციას შეუერთდებიან.
„ხვალ, 15:00 საათზე ვუერთდებით მშვიდობიან საპროტესტო აქციას სახელმწიფო კანცელარიის წინ. იმედს ვიტოვებთ, რომ მოსახლეობა გაგებით მოეკიდება ჩვენს ნაბიჯს, რაც უკიდურესი სასოწარკვეთილებით არის გამოწვეული“, – აღნიშნულია განცხადებაში.