რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ 40 ადამიანი იმყოფება, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ 40 ადამიანი იმყოფება, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, ამჟამად კლინიკაში დაკვირვების ქვეშ 40 ადამიანი იმყოფება.

მისივე თქმით, ყველა მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„ამ წუთისთვის რესპუბლიკური საავადმყოფოს დაკვირვების ქვეშ იმყოფება 40 ჩვენი მოქალაქე. ყველა მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, რაიმე განსაკუთრებულ ექსცესებს ადგილი არ ჰქონია მთელი ამ დღის განავლობაში, მას შემდეგ, რაც ჩვენ ერთმანეთს შევხვდით“ ,- განაცხადა ლევან გოფოძემ.

ლევან გოფოძე ვარაუდობს, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოს დღეს ორი პაციენტი დატოვებს, რომლებისთვისაც საკარანტინო ვადა ამოიწურა.

„რამდენიმე ჩვენს მოქალაქეს გაუვიდა საკარანტინო ვადა და, ვფიქრობთ, დღეს, ხვალ და ზეგ დაახლოებით ხუთამდე ადამიანს გავუშვებთ ბინაზე, რათა გააგრძელონ თავისი თავის მოვლა. გუშინ რამოდენიმე მოქალაქე გავუშვით ჩვენი საკარანტინო ზონიდან, სამაგიეროდ მივიღეთ დამატებით მოქალაქეები. ასე რომ, დღეს უკვე 40 ადამიანი გვყავს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ დღეს გავუშვებთ ორ ადამიანს, ხვალ, ზეგ – სამს“,- აღნიშნა ლევან გოფოძემ.

ამასთან, გოფოძის თქმით, ადამიანებს, რომლებიც საკარანტინო სივრცეს ტოვებენ, ურჩევენ, მაქსიმალურად მოერიდონ საზოგადოებრივ კონტაქტებს.

„გააჩნია, ვინ რამდენი დღის შემდეგ გადის საკარანტინო ზონიდან. უკანასკნელ ხანს პრაქტიკულად სავალდებულო გახდა ერთი კვირა საკარანტიზო ზონაში ყოფნა, მინიმუმ ერთი კვირა. ამის შემდეგ ნაწილი თვითიზოლაციაში მიდის, ნაწილი ბინაზე, უბრალოდ, ვაფრთხილებთ, რომ მაინც მოერიდონ კონტაქტებს. მათ ყველა საკარანტინო ვადა გაუვიდათ თავისი ტესტირებით და ყველაფრით, უარყოფითები არიან, მაგრამ ვინაიდან ბოლომდე ვერ შევიცანით „კოვიდ19“-ის ბუნება, მაინც ვურჩევთ, მაქსიმალურად მოერიდონ საზოგადოებრივ კონტაქტებს“,- განმარტა ლევან გოფოძემ.

რაც შეეხება ისანში მყოფ 40 მოქალაქეს, რომლებიც დაკვირვების ქვეშ არიან და სამედიცინო მომსახურებას რესპუბლიკური საავადმყოფო უწევს, გოფოძე ამბობს, რომ ასევე ყველა მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„ისანში მყოფი მოქალაქეების მდგომაროება დამაკმაყოფილებელია. რაიმე განსაკუთებული არ ხდება. უბრალოდ იქ იყო ოჯახი – დედა, ბავშვი და მამა, რომლებიც იყვნენ ჩამოსულები. ისინი გადაიყავნეს ბათუმში, ინფექციურ საავადმყოფოში სამეთვალყურეოდ, რადგან ბავშვს სიცხე ჰქონდა. რაიმე განსაკუთრებული არ იყო. ვფიქრობ, ეს დაკავშირებულია მათ საცხოვრებელ ადგილთან, უფრო მოსახერხებელი იყო ბათუმში დაკვირვება“, – განაცხადა ლევან გოფოძემ.