ვიეტნამში კარანტინის წესების დარღვევისა და „კოვიდ-19“-ის გავრცელებისთვის მამაკაცს ხუთწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
ვიეტნამში კარანტინის წესების დარღვევისა და „კოვიდ-19“-ის გავრცელებისთვის მამაკაცს ხუთწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ვიეტნამში მამაკაცს კარანტინის წესების დარღვევისა და „კოვიდ-19“-ის გავრცელებისთვის ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ვიეტნამის მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, 28 წლის ლე ვან ტრის დამნაშავედ ცნეს „საშიში ინფექციური დაავადების გავრცელებაში“. ადგილობრივი მედიის ცნობით, ბრალდებულმა ქალაქ ჰო ჩი მინიდან კა მაუში იმოგზაურა და 21-დღიანი კარანტინი დაარღვია, რა დროსაც მან კორონავირუსი რვა ადამიანს გადასდო, ერთ-ერთი მათგანი ერთთვიანი მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა. ქალაქი ჰო ჩი მინი ვიეტნამში კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრი იყო.

ამავე ბრალდებების საფუძველზე ვიეტნამის სასამართლომ კიდევ ორ ადამიანს 18 თვით და ორი წლით პირობითი პატიმრობა მიუსაჯა.

როგორც სააგენტო „როიტერი“ აღნიშნავს, ვიეტნამი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მხრივ წარმატებული მაგალითი იყო მასობრივი ტესტირებით, კონტაქტების გამოვლენით, საზღვარზე მკაცრი შეზღუდვებითა და კარანტინით. თუმცა აპრილიდან ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუარესდა. ქვეყანაში კორონავირუსის 535 ათასი შემთხვევაა აღრიცხული, გარდაიცვალა 13 385 ადამიანი, უმეტესობა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში.