იზოლაციისა და კარანტინის წესების განმეორებით დარღვევის გამო, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში პოლიციამ რესტორანი დალუქა
იზოლაციისა და კარანტინის წესების განმეორებით დარღვევის გამო, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში პოლიციამ რესტორანი დალუქა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, იზოლაციისა და კარანტინის წესების განმეორებით დარღვევის გამო, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მდებარე რესტორანი „ჩვენებური“ დალუქეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული ობიექტი იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის დაჯარიმდა.

„ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების მიუხედავად, რესტორნის ადმინისტრაციამ კვლავ განაგრძო საქართველოს მთავრობის დადგენილებით აკრძალული ეკონომიკური საქმიანობა, რის გამოც გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 248-ე პრიმა მუხლით.

აღნიშნული რესტორანი პოლიციამ იზოლაციისა და კარანტინის წესების განმეორებით დარღვევის გამო დალუქა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 248 -ე პრიმა მუხლის თანახმად, იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევისათვის ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, კერძოდ, იურიდიული პირის შემთხვევაში დაჯარიმებას, საქმიანობის უფლების ჩამორთმევას, ასევე, მის მიმართ ლიკვიდაციისა და დაჯარიმების ღონისძიების ერთობლივად გამოყენების შესაძლებლობას, ხოლო ფიზიკური პირის შემთხვევაში – შინაპატიმრობას ექვსი თვიდან ორ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი