რექს ტილერსონი სირიის ხელისუფლებას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებაში ადანაშაულებს
რექს ტილერსონი სირიის ხელისუფლებას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებაში ადანაშაულებს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი სირიის ხელისუფლებას აღმოსავლეთ ღუტაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებაში ადანაშაულებს. ამასთან, ტილერსონის თქმით, მომხდარზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება.

„იმის დასადგენად, რა ზიანი მოაქვს ამ აირს, ღუტას მოსახლეობის მაგალითი საკმარისია. გუშინ 20-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ბავშვები ქლორიდით მოწამვლას ემსხვერპლნენ“, – ამის შესახებ ტილერსონმა ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ პარიზში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.

მისივე თქმით, ბოლო მოვლენები ეჭვს ბადებს, რომ ბაშარ ასადის რეჟიმი არ შეწყვეტს საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებას.

„ვინც არ უნდა იყოს ამ თავდასხმებზე პასუხისმგებელი, საბოლოო ჯამში ეს მაინც რუსეთი გამოდის. ქიმიური იარაღის გამოყენება ღუტაშიც და სირიის სხვა ნაწილებშიც მას შემდეგ დაიწყეს, რაც რუსეთი ამ კონფლიქტის მოგვარებაში ჩაერთო“, – განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.