რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ თბილისის 202-ე უსინათლო ბავშვთა სკოლას საახალწლო საჩუქრები გადასცა [ფოტო]
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ თბილისის საერთაშორისო ბაპტისტურ ეკლესიასთან ერთად, თბილისის უსინათლო ბავშვთა 202-ე საჯარო სკოლას საახალწლო საჩუქრები გადასცა.
კერძოდ, სკოლის მოსწავლეებს ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი ინტერრელიგიური კალენდრები და საჩუქრები დაურიგდათ.
როგორც საქართველოს პირველ არხს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელმა განუცხადა, სააგენტო ორი კვირის განმავლობაში სხვა რელიგიურ ორგანიზაციებთან ერთად, სკოლისთვის ჰუმანიტარულ დახმარებას კიდევ გეგმავს.
„მესამე წელია, რაც სააგენტო ამ სკოლასთან თანამშრომლობს. წელსაც სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციის თანამონაწილეობით, გავაკეთეთ აქცია, ჩვენმა სააგენტომ ბაპტისტურ ეკლესიასთან ერთად ბავშვებს გადავეცით საახალწლო საჩუქრები. მსგავსი ღონისძიებები, რა თქმა უნდა, მომავალ წელსაც გაგრძელდება. ჩვენ, როგორც წინა წლებში, წელსაც ვჩუქნით რელიგიურ კალენდარს. რაც ყველაზე მთავარია, სოციალური პასუხისმგებლობა აიღო სააგენტომ და ბრაილის შრიფტით არის კალენდარი დაბეჭდილი, როგორც უფროსებისთვის, ისე ბავშვებისთვის. ერთ ფორმატშია თავმოყრილი რელიგიის ყველა ძირითადი დღესასწაულები. ორი კვირის განმავლობაში სხვა რელიგიურ ორგანიზაციებთან ერთად, კიდევ ვაპირებთ ჰუმანიტარულ დახმარებას ტანსაცმლის სახით“,- განუცხადა საქართველოს პირველ არხს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელმა, ზაზა ვაშაყმაძემ.