რეჯეფ თაიფ ერდოღანი - საავადმყოფოზე დარტყმა, სადაც უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეები არიან, ისრაელის თავდასხმების უახლესი მაგალითია, რომელიც მოკლებულია ფუნდამენტურ ადამიანურ ღირებულებებს
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ღაზის ცენტრში, საავადმყოფოზე თავდასხმას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
„საავადმყოფოზე დარტყმა, სადაც ქალები, ბავშვები და უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეები არიან, ისრაელის თავდასხმების უახლესი მაგალითია, რომელიც მოკლებულია ფუნდამენტურ ადამიანურ ღირებულებებს. მოვუწოდებ მთელ კაცობრიობას, მიიღოს ზომები, რათა შეაჩეროს ისრაელის უპრეცედენტო სისასტიკე ღაზაში“, – აღნიშნა ერდოღანმა სოციალურ ქსელში.
მანამდე, პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ღაზის ცენტრში, საავადმყოფოზე ისრაელის თავდასხმის შედეგად, სულ მცირე 500 ადამიანი დაიღუპა. „ჰამასი“ საავადმყოფოზე თავდასხმას სამხედრო დანაშაულს უწოდებს. „ჰამასის“ ინფორმაციით, ასობით ადამიანი კვლავ ნანგრევების ქვეშ იმყოფება. ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ „ისლამური ჯიჰადი“ პასუხისმგებელია წარუმატებლად გასროლილ რაკეტაზე, რომელიც ღაზაში მდებარე ჰოსპიტალს მოხვდა.