გიდეონ მაიეროვიც-კაცი ავსტრალიელი ეპიდემიოლოგია, რომელიც ქრონიკულ დაავადებებს სწავლობს. ჯანდაცვის შესახებ ის რეგულარულად წერს ბლოგებს. გთავაზობთ მის ერთ-ერთ ბლოგს, რომელშიც ის აღწერს, რომ საზოგადოებრივი (ჯოგური) იმუნიტეტი COVID-19-ისგან ვერ დაგვიცავს.
გთავაზობთ ბლოგის თარგმანს.
პანდემიის დროს პროგნოზების გაკეთება საკმაოდ რთულია. ვითარება ყოველდღიურად იმდენად სწრაფად იცვლება, რომ გასულ კვირას რაც სწორი გეგონა, დღეს უკვე შეიძლება მცდარი იყოს. ყველაფერი ისე სწრაფად იცვლება, რომ ყველაზე მტკიცე ჭეშმარიტებებიც კი — რეპროდუქციის ტემპი, ინფექციის სიმპტომები, კარგი კარანტინის შექმნის რეცეპტი — ეჭვქვეშაა და ხელახლა გადახედვას საჭიროებს.
თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად, იყო ერთი რამ, რასაც ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი: დისკუსია საზოგადოებრივი იმუნიტეტის შესახებ. ის იმდენად ციდან ჩამოვარდნილია, რომ როდესაც ჟურნალისტმა ჩემი აზრის დაფიქსირება მთხოვა ამ საკითხზე, პირდაპირი გაგებით, ხმამაღლა გადავიხარხარე, რადგან მეგონა, მეხუმრებოდა.
და მაინც აქ ვართ. COVID-19-ის შესახებ უთვალავი სტატია მხვდება, რომლებითაც არგუმენტების შექმნას ცდილობენ, თითქოს საზოგადოებრივი იმუნიტეტის მიღწევა ერთადერთი გამოსავალია ამ კრიზისში, მიუხედავად იმისა, რომ სარისკოა. უმეტესობა მათგანი საზოგადოებრივ იმუნიტეტს ინფექციის მოსალოდნელი ტალღის პრევენციულ სტრატეგიად აღიქვამს.
ეს ყველაფერი უბრალოდ სისულელეა. საზოგადოებრივი იმუნიტეტი მხოლოდ ვაქცინით მიიღწევა და მის გარეშე ამის განხილვა განმარტებაშივე აბსურდია.
საზოგადოებრივი იმუნიტეტი ეპიდემიოლოგიური კონცეფციაა, რომლის მიხედვითაც, პოპულაცია იმდენად იმუნურია დაავადების მიმართ, რომ ეს ინფექცია ამ ჯგუფში არ გავრცელდება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანთა უმეტესობა არ ინფიცირდება (ან ვაქცინაციის წყალობით, ან ბუნებრივი იმუნიტეტით), ამიტომ რისკ-ჯგუფში მყოფი ადამიანები დაცულები არიან.
მაგალითისთვის ავიღოთ ყბაყურა. ეს საკმაოდ ინფექციური დაავადებაა და მართალია, დიდ ზიანს არ აყენებს ადამიანს, მაგრამ ძალიან არაკომფორტულია და ზოგჯერ უსიამოვნო გართულებებს იწვევს, რომლებიც შესაძლოა, მთელი ცხოვრება გაგრძელდეს. ყბაყურას წინააღმდეგ ეფექტური ვაქცინა გვაქვს და მისი თავიდან აცილება მარტივადაა შესაძლებელი. ამიტომ, ეს დაავადება თანამედროვე მსოფლიოში უიშვიათესია.
ყბაყურას რეპროდუქციის ტემპი (R0) 10-12-მდე მერყეობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ისეთ პოპულაციაში, სადაც ინფექციის მიმართ არავინაა იმუნური, ყოველი დაინფიცირებული ადამიანი 10-დან 12-მდე ადამიანს დააავადებს.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ ვაქცინაციის გარეშე მოსახლეობის 95% დაავადდება დროთა განმავლობაში. თუმცა, ასეთი ინფექციური დაავადების მიუხედავადაც კი, არსებობენ ადამიანები, დაახლოებით 5%, რომლებიც საერთოდ არ გახდებიან ავად, რადგან ყველა იმუნურია და არ არსებობს ადამიანი, ვისგანაც გადაედებათ ვირუსი.
არაინფიცირებელი ადამიანების რიცხვის გაზრდა ვაქცინით შეგვიძლია, რადგან ის ადამიანს ვირუსის წინააღმდეგ იმუნურს ხდის, ასევე დაინფიცირებულ ადამიანებს ხელს უშლის დაავადების გავრცელებაში. თუ საკმარისი რაოდენობის ხალხი ინფექციის მიმართ იმუნური გახდა, ის პოპულაციაში აღარ გავრცელდება.
ესაა საზოგადოებრივი იმუნიტეტი ორი სიტყვით.
ყბაყურას შემთხვევაში, დაავადების გავრცელების სრულად შესაჩერებლად მოსახლეობის 92%-ის იმუნურობაა საჭირო. ამას საზოგადოებრივი იმუნიტეტის ბარიერს უწოდებენ. საბედნიეროდ, COVID-19, ყბაყურასთან შედარებით, ბევრად უფრო ნაკლებად ინფექციურია, რომლის R0, უხეშად რომ ვთქვათ, 3-ის ტოლია.
ამ რიცხვის მიხედვით, ბევრად ნაკლები დაინფიცირებული ადამიანია საჭირო, თუმცა, ეს რიცხვი მაინც მაღალია — მთლიანი მოსახლეობის 70%.
ამის გამო, საზოგადოებრივი იმუნიტეტი პრევენციული ზომა ვერასოდეს ვერ იქნება.
თუ მოსახლეობის 70% დაავადებით დაინფიცირდება, განმარტების თანახმად, ეს პრევენცია არ არის. ან როგორ შეიძლება იყოს? ქვეყანაში ადამიანთა უმეტესობა ავადაა! და ის იმედისმომცემი სისულელე, თითქოს ამ 70%-ს მხოლოდ ახალგაზრდა ადამიანების დაინფიცირებით მიაღწევ, უბრალოდ აბსურდია. თუ იმუნურები მხოლოდ ახალგაზრდები იქნებიან, აუცილებლად იქნება უიმუნიტეტო მოხუცი ადამიანების კლასტერი, რის გამოც, პრევენციის მიზნით, კონკრეტულ ასაკს გადაცილებული ადამიანები მთელი დარჩენილი ცხოვრება სახლიდან ვერ გავლენ.
ასევე უნდა ვიფიქროთ ამ კატასტროფული სცენარის შედეგებზეც — საუკეთესო გათვლებით, COVID-19-ის სიკვდილიანობის მაჩვენებელი 0,5-დან 1%-მდეა. თუ მოსახლეობის 70% დაინფიცირდება, ეს ნიშნავს, რომ 0,35-დან 0,7%-მდე ყველა შეიძლება დაიხოცოს, რაც კატასტროფული რიცხვია. (27 მილიონზე მეტი ან 54 მილიონზე მეტი).
COVID-19-ით ინფიცირებული ადამიანების 10%-ს საავადმყოფოში გადაყვანა სჭირდება, რაც საკმაოდ დააზარალებს ქვეყანას.
სამწუხარო ფაქტი ისაა, რომ საზოგადოებრივი იმუნიტეტი პანდემიური უბედურებებისგან ხსნა არ არის. დიახ, ეს შეიძლება ნამდვილად მოხდეს, მაგრამ მის იმედად ყოფნა არარეალისტურია. ამაზე დისკუსია მაშინაა (და არც ერთი წამით ადრე) შესაძლებელი, როდესაც ვაქცინა შეიქმნება, რადგან ამ დროს ნამდვილად შევაჩერებთ ეპიდემიას.
სანამ ვაქცინა გვექნება, საზოგადოებრივი იმუნიტეტის პრევენციულ სტრატეგიად განხილვა უბრალოდ მცდარია. საბედნიეროდ, ინფექციის გავრცელების თავიდან არიდების სხვა გზაც არსებობს — დაინფიცირებული ადამიანებისგან დისტანცირება.
ასე რომ, დარჩი სახლში, იყავი უსაფრთხოდ და მიეჩვიე ფიზიკურ დისტანცირებას.
გიდეონ მაიეროვიც-კაცი ავსტრალიელი ეპიდემიოლოგი, ქრონიკულ დაავადებათა მკვლევარი.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით