როგორ გვეხმარებიან ცხვრები და ბაქტერიები კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში
როგორ გვეხმარებიან ცხვრები და ბაქტერიები კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში

დაავადება COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსი SARS-CoV-2 სასუნთქ სისტემას აზიანებს. თუ ვირუსი ფილტვებში მოხვდა, იმუნური სისტემის მწვავე პასუხს იწვევს, რაც შესაძლოა, შემდეგ პნევმონიაში გადაიზარდოს ან სულაც პაციენტის სიკვდილი გამოიწვიოს. შოტლანდიაში, დანდის უნივერსიტეტის მკვლევრებმა SARS-CoV-2-ის მიერ წარმოქმნილი 28 ცილა აღმოაჩინეს, რომლებიც ადამიანის სხეულში იმუნურ პასუხს იწვევენ. ეს ცილები დიაგნოსტირებისა და ვირუსის შესწავლისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკვლევი იარაღია.

ვირუსები დაშიფრულია გენეტიკური ინფორმაციით, რომელსაც რნმ ეწოდება. ის ვირუსის აგებულების ერთგვარ „გეგმად“ შეგვიძლია მივიჩნიოთ. ამ პროგრამაში შედის ინფორმაცია ვირუსის გამრავლების, დაინფიცირებისა და თავდასხმის შესახებ. ვირუსის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლისთვის მეცნიერები სწორედ ამ გენეტიკურ კოდს სწავლობენ.

თავდაპირველად, ვირუსის გენეტიკურ მიმდევრობას იღებენ, გარდაქმნიან დნმ-ად (რნმ ერთჯაჭვიანია, ხოლო დნმ ორი ჯაჭვისგან შედგება) და შემდეგ ე. წ. პოლიმერაზას ჯაჭვური რეაქციით (PCR), მის მილიონობით ასლს აკეთებენ. ამ პროცესების შემდეგ, ვირუსის შემადგენელი ცილების მოპოვების მიზნით, მეცნიერები ამ მიმდევრობას ბაქტერიის დასაპროგრამებლად იყენებენ, ეს კი მათ საშუალებას აძლევს, მოიპოვონ და სატესტოდ გაამზადონ დიდი რაოდენობით ცილები.

ამის შემდეგ, მოპოვებული ცილებს ისინი ადგილობრივი ფერმის ცხვრებს შეუყვანენ. ცხვრები ვირუსული ცილების წინააღმდეგ ანტისხეულების გამომუშავებას დაიწყებენ და დანდის უნივერსიტეტის მკვლევრები მათ ცხოველებისგან ყოველკვირეულად აიღებენ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ცხვრები ამ პროცესით დიდად არ იტანჯებიან და მარტივად უძლებენ ექსპერიმენტს. ანტისხეულები დანდის ლაბორატორიებში იგზავნება და მათ სხვადასხვა დანიშნულებისთვის გამოსაყენებლად ამზადებენ. საბოლოო პროდუქტი კი COVID-19-ის წინააღმდეგ მებრძოლ ლაბორატორიებში გადაიგზავნება მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

კვლევაში დაახლოებით 20 მეცნიერია ჩართული. თითოეული მათგანი ანტისხეულების შექმნის სხვადასხვა პროცესშია სპეციალიზებული: მოლეკულური ბიოლოგები გენეტიკური მიმდევრობის კლონირებას აკეთებენ; ცილაზე მომუშავე მეცნიერები კომპონენტების დამზადებით არიან დაკავებულნი, ფერმერები ცხვრებს უვლიან, ხოლო ტექნიკოსები ცხვრიდან ამოღებულ ანტისხეულებს ამზადებენ.

საკეტი და გასაღები

ცხვრების მიერ წარმოქმნილ ანტისხეულებს დიაგნოსტიკური ტესტების შექმნისთვის გამოიყენებენ. ეს ანტისხეულები ძალიან მჭიდროდ ებმებიან ვირუსულ ცილებს და ჩვენი იმუნური სისტემის მიერ გამომუშავებულ სხვა ცილებზე რეაგირება არ აქვთ. მარტივად რომ გაიგოთ, წარმოიდგინეთ გასაღები, რომლითაც სახლის კარს აღებთ. მსოფლიოში მილიონობით გასაღებია, მაგრამ მხოლოდ ერთი მოერგება იდეალურად თქვენს კარს.

ამ შემთხვევაში, თითოეული ანტისხეული მოერგება მხოლოდ და მხოლოდ იმ ვირუსულ ცილას, რომლისთვისაც ის შეიქმნა. ეს ანტისხეულები ვირუსის როგორც თითოეული ნაწილის, ისე მისი მთლიანი სტრუქტურის უკეთ შესწავლაში დაგვეხმარება. ამის წყალობით კი გავიგებთ, როგორ გვაინფიცირებს ახალი კორონავირუსი და აუცილებლად გამოჩნდება მისი დამარცხებისთვის საუკეთესო გზა.

მაგალითად, ამის გამოყენებით შევქმნით ტექნიკას, რომელიც ვირუსის არსებობას ძალიან სწრაფად დაადასტურებს ადამიანისგან აღებული სისხლის ნიმუშში. ანტისხეულები პაციენტისგან აღებულ ნიმუშებთან ერთად ფირფიტაზე დაიდება. ანტისხეულები ვირუსს ამოიცნობენ და ნიმუშიდან გამოაძევებენ. ვირუსის საწინააღმდეგო მეორე ანტისხეული ფლუორესცენციული მარკერით იქნება შეღებილი და მთელ ფირფიტაზე მოედება, რომელსაც შემდგომ გარეცხავენ. ვირუსის არსებობის შემთხვევაში, ფირფიტა გაანათებს.

ახალი კორონავირუსის შესწავლა

ამ მეთოდების ყველაზე მნიშვნელოვანი გამოყენება ალბათ მაინც ვირუსის საბაზისო ბიოლოგიის შესწავლა და მისი დამარცხების გზების პოვნა იქნება. მიჩნეულია, რომ ვირუსის კონკრეტული ნაწილები ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს იმ პროცესებში, რომლებითაც ის ჩვენს დაინფიცირებასა და ფილტვებზე თავდასხმას ახერხებს.

დანდის უნივერსიტეტის მკვლევრების განცხადებით, ისინი ამ ანტისხეულებს მსოფლიოს მასშტაბით მომუშავე მეცნიერებს შესასწავლად გადასცემენ, რათა ერთობლივად დაამარცხონ დღევანდელი პანდემიის გამომწვევი დაავადება COVID-19.

მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.