3 ივნისს, ათეულობით ადამიანი დაიღუპა, მრავალი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება გვატემალაში, ვულკან ფუეგოს ამოფრქვევის შედეგად.
ბოლო წლებში, ფუეგო რეგულარულად ამოტყორცნიდა მცირე ოდენობით გაზსა და ფერფლს, რაც ახლომდებარე დასახლებებისთვის არც თუ ისე დიდ საფრთხეს წარმოადგენდა. თუმცა, არავის ახსოვდა, რომ ფუეგოს დიდი, ფეთქებადი ამოფრქვევებიც ახასიათებს.
დიდი ამოფრქვევები ორ ძირითად საფრთხეს შეიცავს — ვულკანურ ფერფლს და პიროკლასტიკურ ნაკადებს. მათგან უფრო საშიში ეს უკანასკნელია და სწორედ მას უკავშირდება ადამიანთა დაღუპვა ბოლო ამოფრქვევისას.
საინტერესოა, რას წარმოადგენს ეს ნაკადები და რატომ არის ასე მომაკვდინებელი? რა უნდა გააკეთოს ხალხმა მისგან თავის ასარიდებლად?
3 ივნისს, დამშრალ ხეობაზე გადებული ხიდიდან გადაღებულ ვიდეოში ჩანს, როგორ ამოედინება ფუეგოდან ფერფლისა და კვამლის ღრუბელი. ის თითქოს უვნებელი ჩანს.
ხიდზე მდგომი ადამიანები ამ ყველაფერს მშვიდად უყურებენ, მაგრამ უცბად, ღრუბელი ხეობაში ეშვება და პირდაპირ ხიდისკენ მოემართება.
მაყურებლები გარბიან და სიკვდილს სულ რამდენიმე წამით გადაურჩნენ, რადგან უვნებელი შესახედაობის ფერფლის ღრუბელი ის ცნობილი მკვლელია, რომელსაც პიროკლასტიკურ ნაკადს უწოდებენ.
პიროკლასტიკურ ნაკადები შეიცავს ცხელი ქანების (პიროკლასტების), სუპერცხელი ჰაერისა და ვულკანური გაზების ჯოჯოხეთურ კომბინაციას. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ 100-600°C ტემპერატურის ნაკადი, რომელიც დამრეც ფერდობებზე უკიდურესად სწრაფად ეშვება.
როგორც წესი, სიჩქარე 110-320 კმ/სთ შორის მერყეობს, თუმცა დაფიქსირებულია 720 კმ/სთ მაჩვენებელიც. ნაზავი ჩვეულებრივ ჰაერზე უფრო მძიმეა და ხშირად, ხეობას მიუყვება.
მაღალი სიმკვრივე მას მამოძრავებელ ძალას აძლევს და ადვილად შეუძლია გადაადგილდეს ხეობათა გასწვრივ, გადაევლოს შემხვედრ მთასაც კი. ყველაზე საშინელი ადგილი, სადაც ამ დროს შეიძლება, რომ აღმოჩნდეთ, ხეობაა.
მრავალი ვულკანოლოგის გაოცება და აღშფოთება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ადამიანები მშვიდად უყურებდნენ მოთუხთუხე მთას და უბრალოდ ფოტოებს უღებდნენ.
ფენომენი მართლაც თვალწარმტაცია საყურებლად, მაგრამ შენკენ მომავალი ვულკანური ღრუბელი ნამდვილად აშკარა ნიშანია იმისა, რომ უბრალოდ უნდა გაიქცე.
მკვლევართა თქმით, აშკარა ხდება, რომ საჭიროა ვულკან ფუეგოს ზონის მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება მისგან მომდინარე საფრთხეებთან მიმართებაში.
თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ასე დიდი და შორ მანძილზე წასული პიროკლასტიკური ნაკადები ფუეგოს იშვიათად ახასიათებს.
სხვა მომაკვდინებელი ინციდენტები
პიროკლასტიკური ნაკადების მსოფლიოში ყველაზე ცნობილი მოვლენა პელეს მთას უკავშირდება, კუნძულ მარტინიკაზე, 1902 წელს. ნაკადებმა მთლიანად გაანადგურა ქალაქი სენ-პიერი და იმსხვერპლა 30 000 ადამიანის სიცოცხლე.
გადარჩა მხოლოდ რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ერთ-ერთი საპყრობილეში მოთავსებული პატიმარი ქალი იყო. ეს გახლდათ პიროკლასტიკური ნაკადებისგან მიყენებული უდიდესი ზიანი ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში.
პიროკლასტიკური ნაკადებთან დაკავშირებული ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გამანადგურებელი მოვლენა ახ. წ. 79 წელს მოხდა, როცა ვულკან ვეზუვიდან წამოსულმა ნაკადებმა მიწასთან გაასწორა რომაული ქალაქები — პომპეი და ჰერკულანუმი.
გაურკვეველია, კიდევ რა შეიძლება მოიმოქმედოს ვულკანმა ფუეგომ, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ მის ისტორიას, ეს ამოფრქვევა მისთვის საკმაოდ დიდი და უჩვეულოა.
მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით