რატომ და როგორ შეიძლება იყოს გრიპის ვირუსი მომაკვდინებელი
რატომ და როგორ შეიძლება იყოს გრიპის ვირუსი მომაკვდინებელი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა (WHO) და აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მონაცემებით, ყოველწლიურად გრიპი სერიოზული გართულებით სამიდან ხუთ მილიონამდე ადამიანს ემართება. მათ შორის სიკვდილით მთავრდება 291 000-დან 646 000-მდე შემთხვევა. რიცხვები ძალიან განსხვავდება წლიდან წლამდე. CDC-ის მონაცემების მიხედვით, 1976-2005 წლებში, გრიპთან დაკავშირებული სიკვდილიანობის რიცხვი აშშ-ში 3 000-დან 49 000-მდე გაიზარდა. 2010-2016 წლებში ამ მაჩვენებელმა 12 000-დან 56 000-მდე მოიმატა.

საინტერესოა, რას გულისხმობს კონკრეტულად „გრიპთან დაკავშირებული სიკვდილი“? ყველაზე მოკლე პასუხი არის ის, რომ უმეტეს შემთხვევებში, სხეული საკუთარ თავს თავადვე კლავს, მაშინ, როცა ის დაავადებასთან ბრძოლას ცდილობს.

„გრიპით სიკვდილი სულაც არ ჰგავს ტყვიით ან შავი ქვრივი ობობას ნაკბენით სიკვდილს. ადამიანს თავად ვირუსი როდი კლავს. ინფექციურ დაავადებას მასპინძელთან ყოველთვის აქვს კომპლექსური ურთიერთქმედება“, — ამბობს ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ჯანდაცვის ცენტრის ინფექციურ დაავადებათა ექიმი ამეშ ადალია.

ადამიანის სხეულში შესვლის შემდეგ — როგორც წესი თვალებიდან, ცხვირიდან ან პირიდან — გრიპის ვირუსი იწყებს უჯრედებზე ნადირობას ცხვირში ან ყელში, რათა გააკეთოს საკუთარი თავის ასლები. ვირუსების გადამეტებული დაგროვება იწვევს იმუნური სისტემის ძლიერ პასუხს, რომელიც საფრთხის გასანეიტრალებლად თეთრი უჯრედების, ანტისხეულებისა და ანთებითი მოლეკულების ბატალიონებს გზავნის. T-ლიმფოციტები თავს ესხმის და ანადგურებს ვირუსების თავშესაფარ ქსოვილებს, განსაკუთრებით სასუნთქ ტრაქტსა და ფილტვებში, სადაც როგორც წესი, ვირუსები თავს იჩენს. ჯანმრთელ, ზრდასრულ ადამიანთა უმეტესობაში ეს პროცესი მუშაობს და როგორც წესი, ისინი ვირუსისგან რამდენიმე დღეში ან კვირაში თავისუფლდებიან. თუმცა ხანდახან, იმუნური სისტემის რეაქცია იმდენად ძლიერია, იმდენ ქსოვილს ანადგურებს ფილტვებში, რომ ისინი სისხლს საკმარისი ოდენობის ჟანგბადს ვეღარ აწვდიან, რაც საბოლოოდ ჰიპოქსიითა და სიკვდილით სრულდება.

სხვა შემთხვევებში, გადამეტებულ და პოტენციურად ფატალურ იმუნურ პასუხს იწვევს არა გრიპის ვირუსი, არამედ გვერდითი ინფექცია, რომელიც იმუნური სისტემის დაკავებულობის დროს ხელთ იგდებს უპირატესობას. როგორც წესი, ფილტვებს აინფიცირებს სტრეპტოკოკების ან სტაფილოკოკების სახეობის ბაქტერიები. სასუნთქ ტრაქტში არსებულ ბაქტერიულ ინფექციას პოტენციურად შეუძლია სხეულის სხვა ნაწილებსა და სისხლში გავრცელება და ხანდახან, ასევე ძალუძს სეპტიკური შოკის გამოწვევაც. სეპტიკური შოკი არის სიცოცხლისათვის სახიფათო, ორგანიზმის მასშტაბის აგრესიული ანთებითი პასუხი, რომელიც აზიანებს მრავალ ორგანოს.

გვამების გაკვეთაზე დაფუძნებულ კვლევებზე დაყრდნობით, ფილადელფიის ბავშვთა საავადმყოფოს ალერგიისა და იმუნოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი, კეთლინ სულივანი აცხადებს, რომ გრიპთან დაკავშირებული მიზეზებით გარდაცვალების ფაქტების დაახლოებით ერთი- მესამედი გამოიწვია იმუნური სისტემის გადამეტებულმა შეპასუხებამ ვირუსისადმი; ერთი-მესამედი იმან, რომ იმუნური სისტემა შეეპასუხა გვერდით ბაქტერიულ ინფექციებს, ძირითადად ფილტვებში; დანარჩენი ნაწილი კი გარდაიცვალა ერთი ან რამდენიმე ორგანოს მწყობრიდან გამოსვლის გამო.

გარდა ბაქტერიული პნევმონიისა, გრიპის გვერდით გართულებებს შორის არის სხვა მრავალი დაავადება, დაწყებული ყურის ინფექციებით, დამთავრებული მიოკარდიტებით, ენცეფალიტებითა (თავის ტვინის ანთება) და მიოზიტებით (კუნთების ანთება).

მათ შორის ასევე შესაძლებელია იყოს რეიეს სინდრომი — თავის ტვინის იდუმალი დაავადება, რომელიც როგორც წესი, ვირუსული ინფექციის შემდეგ იწყება. ასევე უნდა აღინიშნოს გიენ-ბარეს სინდრომი — ვირუსით გამოწვეული კიდევ ერთი ავადმყოფობა, რომლის დროსაც იმუნური სისტემა თავს ესხმის პერიფერიულ ნერვულ სისტემას. ხანდახან, გიენ-ბარეს სინდრომი იწვევს ნაწილობრივი ან სრული პარალიზების პერიოდებს, რომელთა დროსაც სუნთქვის შესანარჩუნებლად საჭირო ხდება მექანიკური ვენტილაცია. ეს გართულებები იშვიათია, მაგრამ მაინც შესაძლებელი.

იმ ადამიანთა ოდენობა, რომლებიც იმის გამო გარდაიცვალნენ, რომ იმუნური სისტემა ვერ შეეწინააღმდეგა გვერდით ბაქტერიულ ინფექციას, ნაწილობრივ დამოკიდებულია ვირუსულ შტამზე და იმ სივრცის სიფაქიზეზე, რომელშიც დაავადებაა ჩაბუდებული. ზოგიერთი კვლევის მიხედვით, 1918 წლის საქვეყნოდ ცნობილი, გრიპის გლობალური პანდემიის დროს ადამიანთა უმეტესობა შემდგომი ბაქტერიული ინფექციების შედეგად დაიღუპა. თუმცა უფრო მავნე შტამები, მაგალითად ფრინველის გრიპი ძირითადად აზიანებს თავად იმუნურ სისტემას. ამეშ ადალიას განცხადებით, მავნე შტამები იწვევენ ძლიერ ანთებით პასუხებს. მისივე თქმით, ეს ასევე დამოკიდებულია ადამიანთა ასაკზე. 2009 წლის H1N1-ის პანდემიისას, დასნებოვნებულთა ასაკობრივ ჯგუფს ძირითადად ახალგაზრდა ზრდასრულები შეადგენდა, რასაც თან ახლდა პირველადი ვირუსული პნევმონია.

ტიპურ სეზონებზე, გრიპის მიზეზით გარდაცვლილთა უმეტესობას ბავშვები და მოხუცები შეადგენენ, რადგან ორივე ეს ჯგუფი საკმაოდ მოწყვლადია. იმუნური სისტემა ორგანოთა ადაპტირებული ქსელია, რომელიც დროთა განმავლობაში სწავლობს, როგორ ამოიცნოს და უპასუხოს საფრთხეს საუკეთესოდ.

იმის გამო, რომ ბავშვების იმუნური სისტემა შედარებით გამოუცდელია, შესაძლოა, მან საფრთხეს ოპტიმალურად ვერ უპასუხოს. ამის საპირისპიროდ, მოხუცების იმუნური სისტემა ხშირად დასუსტებულია ასაკისა და დაავადებების გამო. ძალიან პატარები და ძალიან მოხუცები ხშირად ვეღარ ახერხებენ იმუნური სისტემის მიერ მიყენებული თავდასხმისგან აღდგენას.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, გარდა ექვსიდან 59 თვემდე ბავშვებისა და 65 წელს ზემოთ ხანშიშესულებისა, პოტენციური ფატალური გართულებების დიდი რისკის ქვეშ იმყოფებიან ორსულები, ჯანდაცვის სფეროს მუშაკები, და სხვადასხვა ქრონიკული დაავადებებისა (აივ-შიდსი, ასთმა) და გულისა და ფილტვის მქონე ადამიანები.

გრიპისა და მისი თანმხლები პოტენციურად ლეტალური გართულებების თავიდან აცილების ყველაზე ეფექტიანი გზა არის ვაქცინაცია.

მომზადებულია Scientific American-ის მიხედვით.