რატომ არის მნიშვნელოვანი საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები
რატომ არის მნიშვნელოვანი საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები

საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 7 მაისს გაიმართება. მოსახლეობას არჩევანის გაკეთება ლიბერალ ემანუელ მაკრონსა და ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენს შორის მოუწევს.

6 მაისის მონაცემებით, რომელსაც BBC აქვეყნებს, რეიტინგით ემანუელ მაკრონი ლიდერობს 62%-ით, ხოლო ლე პენს ამომრჩეველთა 38% უჭერს მხარს.

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, BBC ვრცელს სტატიას აქვეყნებს, სადაც ხაზს უსვამს, რომ ფრანგმა ამომრჩეველმა უნდა გადაწყვიტოს – მხარს დაუჭერს პროევროპელ კანდიდატ ემანუელ მაკრონს, თუ ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენს, რომელიც გლობალიზაციის პროცესსა და საფრანგეთის ევროკავშირთან თანამშრომლობას უსარგებლოდ მიიჩნევს.

 

ვინ არის და რა სურს მარინ ლე პენს

48 წლის მარინ ლე პენმა „ნაციონალისტური ფრონტის“ ლიდერის პოსტი 2011 წელს დაიკავა და აღნიშნული თანამდებობა დატოვა 2017 წელს, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გასვლის შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ლე პენი ბევრს ეცადა, „ნაციონალისტური ფრონტის“ იმიჯი გამოესწორებინა და უფრო მეტი ამომრჩევლის მხარდაჭერა მოეპოვებინა, გამოკითხვების მიხედვით, ის მაკრონის დამარცხებას ვერ შეძლებს.

მარინ ლე პენი 2005 წელს ევროპის პარლამენტში აირჩიეს.

ის ორჯერ არის განქორწინებული და ჰყავს სამი შვილი.

 

ლე პენის სურვილია:

1. საფრანგეთმა უარი თქვას ევროზე და ფულადი მიმოქცევის სისტემაში ფრანკი დაბრუნდეს, ქვეყანამ დატოვოს ევროკავშირი და ამ საკითხზე ჩატარდეს რეფერენდუმი.

2. არალეგალი მიგრანტების „ავტომატურად“ გაძევება და ლეგალური მიგრაციის შემცირება – წელიწადში 10 ათას მიგრანტამდე.

3. „ექსტრემისტული“ მეჩეთების დახურვა და სოციალურ ცხოვრებაში უპირატესობის მინიჭება საფრანგეთის მოქალაქეებისთვის.

4. საპენსიო ასაკი 60 წელი.

5. მუსლიმური პირბადეების ტარების აკრძალვა საჯარო ადგილებში.

 

ვინ არის და რა სურს ემანუელ მაკრონს

39 წლის ემანუელ მაკრონი არ არის პარლამენტის წევრი და მას, აქამდე, არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია. ის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის ეკონომიკური მრჩეველი იყო, ვიდრე 2014 წელს ეკონომიკის მინისტრის თანამდებობას დაიკავებდა.

მაკრონმა 2016 წელს ჩამოაყალიბა პარტია En Marche, რომელიც, მისი შეფასებით, არ იყო არც მემარჯვენე და არც მემარცხენე.

ემანუელ მაკრონი დაქორწინებულია თავის ყოფილ ფრანგულის მასწავლებელზე.

მაკრონის სურვილია:

1. საჯარო სექტორში სამუშაო ადგილების 120 ათასით შემცირება.

2. ღატაკებით დასახლებულ ტერიტორიებზე მასწავლებელთა მეტი რაოდენობის გაგზავნა, სკოლაში მობილური ტელეფონების გამოყენების აკრძალვა 15 წლამდე მოსწავლეებში.

3. ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობა და ევროზონის სახელმწიფოებთან მყარი ინტეგრაცია.

 

საგარეო პოლიტიკა და საფრთხეები

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები პირდაპირ უკავშირდება ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსს, ვინაიდან ამ მიმართულებით ორივე კანდიდატს განსვხვავებული პრიორიტეტები აქვს. ამიტომ გამოდის, რომ საფრანგეთის მომავალი და ევროკავშირში მისი ადგილი ამომრჩეველმა უნდა გადაწყვიტოს.

თუ მოქალაქეები მხარს დაუჭერენ ემანუელ მაკრონს, ნიშნავს, რომ დგანან იმ კანდიდატის გვერდით, რომელიც ევროკავშირის რეფორმებისა და ღრმა ევროინტეგრაციის მომხრეა.

თუ ხალხი მარინ ლე პენზე შეაჩერებს არჩევანს, მაშინ ვითარება რადიკალურად შეიცვლება, ვინაიდან მისი სურვილია, საფრანგეთმა ევროკავშირი დატოვოს.

BBC-ის ინფორმაციით, მარტში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, 10-დან შვიდი ფრანგი საფრანგეთის ევროკავშირიდან გამოსვლას ეწინააღმდეგება.

 

ვინ გაიმარჯვებს

როგორც BBC წერს, ბოლო გამოკითხვებით, ემანუელ მაკრონი ლიდერობს, რომელიც მეორე ტურში, სავარაუდოდ, ამომრჩეველთა 60%-ზე მეტ ხმას მიიღებს.

არჩევნების მეორე ტურში გასვლის შემდეგ, მარინ ლე პენმა, საპრეზიდენტო მარათონზე სრულად კონცენტრირების მიზნით, ეროვნული ფრონტის ლიდერის თანამდებობა დატოვა – ის პარტიას 2011 წლიდან მართავდა.

6 მაისის მონაცემებით, რომელსაც BBC აქვეყნებს, რეიტინგში ემანუელ მაკრონი ლიდერობს 62%-ით, ხოლო ლე პენს 38% უჭერს მხარს.

რამ შეიძლება შეუშალოს მაკრონს ხელი გამარჯვებაში – ამის ერთდერთი მიზეზი, შესაძლოა, არჩევნებზე მოქალაქეების დაბალი აქტივობა გახდეს.

როგორც BBC-ისთან ინტერვიუში პოლიტიკის მკვლევარი ამბობს, თუ არჩევნებში ლე პენის მხარდამჭერები უფრო იაქტიურებენ, ვიდრე მაკრონის, ულტრამემარჯვენე კანდიდატს 50%-ზე მეტი ხმის მიღების შანსი აქვს.

როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, ულტრამემარჯვენე კანდიდატი, გამარჯვების იმედით, თავის პარტიას გამოეყო, რითაც მიანიშნა, რომ ის არის ხალხის კანდიდატი ემანუელ მაკრონისგან განსხვავებით, რომელიც „ოლიგარქების კანდიდატად“ მიიჩნევა.

 

მომავალი პრეზიდენტის მთავარი გამოწვევა

ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომლის წინაშეც ფრანგი ამომრჩეველი დგას, უმუშევრობაა. ეს მაჩვენებელი ქვეყანაში 10%-ს უტოლდება, რაც ევროკავშირის 28 წევრ ქვეყანას შორის რვაჯერ უფრო დიდი მაჩვენებელია. ოთხიდან ერთი 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდა საფრანგეთში უმუშევარია.

2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ, საფრანგეთის ეკონომიკა ძალიან ნელა იკრებს ძალას და ყველა წამყვანი კანდიდატი ხაზს უსვამს, რომ ძირეული ცვლილებებია საჭირო.

მარინ ლე პენს საპენსიო ასაკის 60 წლით განსაზღვრა სურს.

ემანუელ მაკრონი კი საჯარო სექტორში სამუშაო ადგილების 120 ათასით შემცირებას გეგმავს, რაც ადმინისტრაციული რესურსის ხარჯვას 60 მილიარდი ევროთი შეამცირებს. მაკრონი დაზოგილი თანხის ინვესტირებასა და უმუშევრობის 7%-ზე უფრო დაბალ მაჩვენებლამდე შემცირებას გეგმავს.

 

საგარეო პოლიტიკა

ემანუელ მაკრონსა და მარინ ლე პენს შორის, ერთ-ერთი მთავარი განმასხვავებელი მათი საგარეო პოლიტიკური ხედვებია.

საპრეზიდენტო კანდიდატებმა თავიანთი პოზიციები მეორე ტურამდე გამართულ ბოლო დებატებზე კიდევ ერთხელ დააფიქსირეს.

ემანუელ მაკრონი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან თანამშრომლობას აპირებს. რაც ეხება ვლადიმერ პუტინს, მაკრონის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პუტინი ბევრი საერთაშორისო საკითხის განხილვის დროს ზის მოლაპარაკებების მაგიდასთან, არ აპირებს, მის დიქტატს დაემორჩილოს.

საგარეო პოლიტიკის საკითხზე საუბრისას, მარინ ლე პენმა განაცხადა, რომ საფრანგეთმა თავისი განსაკუთრებული ხმა დაკარგა, ვინაიდან ის გერმანიისა და აშშ-ის მიმართ მონურ მორჩილებას იჩენდა.

კითხვას, რა დამოკიდებულება აქვს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიმართ, ლე პენი პასუხობს: „რუსეთი საფრანგეთის მიმართ მტრულ დამოკიდებულებას არ იჩენს. არ მაინტერესებს, რა ურთიერთობაა აშშ-სა და რუსეთს შორის“.

„გერმანიასთან ერთად მუშაობა მინდა“, ასე უპასუხა საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა ემანუელ მაკრონმა მოწინააღმდეგე მარინ ლე პენს, რომელმაც მაკრონი გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის მონურ მორჩილებაში დაადანაშაულა.

„შეწყვიტეთ ეს სამარცხვინო ფორმულირებები“, – განაცხადა მაკრონმა. მისი თქმით, გერმანია საფრანგეთის მტერი არ არის. მაკრონი ფიქრობს, რომ ქვეყნის ეკონომიკის მთავარი მტერი ჩინეთია.

მარინ ლე პენი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის დატოვებაზე ან დარჩენაზე საფრანგეთში რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს. გარდა ამისა, მისი აზრით, უნდა აღდგეს სრული სასაზღვრო კონტროლი. როგორც ლე პენმა აღნიშნა, ევროპას სურს სრულად აკონტროლებდეს ფულის მიმოქცევას, საზღვრებსა და სავაჭრო შეთანხმებებს.

„მე ევროპელი ვარ და მინდა ევროპა გადავარჩინო. მსურს, ევროკავშირს ევროპა ხელიდან გამოვგლიჯო, ვინაიდან ევროკავშირი მას ღუპავს“, – განაცხადა ლე პენმა.

ემანუელ მაკრონი ფიქრობს, რომ უნდა მოხდეს ევროკავშირის რეფორმირება და ხელი უნდა შეეწყოს თავისუფალ სავაჭრო მოლაპარაკებებს.

 

არჩევნების უსაფრთხოება

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების გამო, ქვეყანაში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია.

BBC-ის ინფორმაციით, 2015 წლის ტერორისტული თავდასხმის შემდეგ, საფრანგეთში 230-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

სახელმწიფო უწყებები შიშობენ, რომ ასობით ახალგაზრდა ფრანგი მუსლიმი, რომელიც სირიასა და ერაყში გაემგზავრა, შესაძლოა, სამშობლოში ტერორისტული აქტების განსახორციელებლად დაბრუნდეს.

როგორც დაზვერვის სააგენტოს თანამშრომლები ამბობენ, ტერორისტებს ლე პენის გამარჯვება სურთ, ვინაიდან ფიქრობენ, რომ ამის შემდეგ, ქვეყანას ქაოსი მოიცავს.