ემანუელ მაკრონის ყოფილი პირადი მცველი ალექსანდრე ბენალა დააკავეს
ემანუელ მაკრონის ყოფილი პირადი მცველი ალექსანდრე ბენალა დააკავეს

საფრანგეთის პოლიციამ ქვეყნის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ყოფილი პირადი მცველი და მრჩეველი, ალექსანდრე ბენალა დააკავა. საფრანგეთის პროკურატურის ინფორმაციით, ბენალას დაკავების მიზეზი დიპლომატიური პასპორტების გამოყენება გახდა.

ალექსანდრე ბენალა თანამდებობიდან გასულ წელს გაათავისუფლეს. მიზეზი საპროტესტო აქციაზე დემონსტრანტის ცემა გახდა, რომელიც ვიდეოკამერებმა აღბეჭდეს.

მოგვიანებით მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გათავისუფლების მიუხედავად, ბენალა დიპლომატიური პასპორტებით მოგზაურობას აგრძელებდა.

თავად ალექსანდრე ბენალა ამბობს, რომ დიპლომატიური პასპორტები თანამდებობიდან მოხსნის შემდეგ ჩააბარა.