რატომ ამშვენებს ძველეგვიპტურ მუმიებს ტატუები — სავარაუდო მიზეზი ცნობილია #1tvმეცნიერება
მდინარე ნილოსის ნაპირზე, ძველეგვიპტურ ქალაქში ქალების ორ მუმიაზე აღმოჩენილი ტატუები მიუთითებს, რომ 3000 წლის წინ, წელის მონაკვეთი საკმაოდ პოპულარული ადგილი იყო ტატუირებისთვის.
ახალ კვლევაში მეცნიერები აღწერენ არქეოლოგიურ ძეგლ დეირ-ელ-მედინაზე თითქმის საუკუნის წინ აღმოჩენილი ქალის მუმიას, რომლის კანზეც ექსპერტებმა მხოლოდ ბოლო დროს შენიშნეს შავი ფერის ლაქები.
ზუსტად დუნდულებს ზემოთ, მუმიის კანზე ზოლად გამოსახულია ალმასები, ზუსტად ისეთი, როგორიც იმდროინდელი სამარხების ჭერზე გვხვდება.
მკვლევართა მიერ შესწავლილი მეორე ქალის მუმია 2019 წელს აღმოაჩინეს, მაგრამ მის წელზე ტატუ მხოლოდ ინფრაწითელი ფოტოგრაფიის საშუალებით დაინახეს. ეს სიმეტრიული მახასიათებელი ოდნავ განსხვავდება სხვა მუმიებისაგან და გამოსახულია წყლის მახასიათებლები და მცენარეების ზოლი.
მკვლევართა აზრით, ეს შეიძლება განასახიერებდეს მდინარე ნილოსის ნაპირებს, რომელსაც შეიძლება ქალები ორსულობის ან მენსტრუაციის დროს დასამშვიდებლად მიაშურებდნენ. სცენას გადაჰყურებს უეჯატის თვალი — რომელიც ეგვიპტურ ღმერთ ჰოროსს განასახიერებს და იყენებდნენ განკურნების, კეთილდღეობისა და დაცვის სიმბოლოდ.
ქალების ტატუირებული მუმიები იშვიათობა ნამდვილად არ არის. პირველი ასეთი მუმია ეგვიპტეში 1891 წელს აღმოაჩინეს, მომდევნო ათწლეულებში კი მხოლოდ ძეგლ დეირ-ელ-მედინაზე შვიდ ასეთ მუმიას მიაგნეს, მათ შორის ორ ზემოთ აღწერილს.
ზოგიერთ ამ მუმიას ტატუები არა მხოლოდ წელზე აქვს, არამედ კისერზე და ბარძაყებზეც.
მაგალითად, მე-20 საუკუნეში აღმოჩენილ მუმიას ბარძაყზე აქვს გამოსახული მუდმივი სურათი, რომელიც ეგვიპტურ ღმერთ ბესს წააგავს, ორსული ქალების დამცველს.
მუმიებზე გამოსახული ტატუების უმეტესობა გამოსახულია ბარძაყებზე და წელზე, რაც მიუთითებს, რომ მათი ფუნქცია შეიძლება რეპროდუქციასთან ყოფილიყო დაკავშირებული. იმ პერიოდის ქალების ქანდაკებების სხეულებიც კი ქვედა ნაწილშია დეკორირებული, თუმცა უცნობია, ასახავდა თუ არა ეს გამოსახულებები ტატუებს.
„წელის მწვავე ტკივილი ხშირად თან ახლავს შრომას და ზოგიერთი ქალის შემთხვევაში, მენსტრუაციასაც“, — წერენ ავტორები.
შესაძლებელია, რომ წელის ტატუები პირველად სწორედ იმიტომ გაჩნდა, რომ ქალური ტკივილებისგან დაცვის ერთ-ერთ საშუალებად მიაჩნდათ.
ნილოსის ნაპირებზე სეირნობა ქალებისთვის ორსულობის ან მენსტრუაციის დროს შეიძლება დამშვიდების საშუალება ყოფილიყო. არ არის გამორიცხული, ძველ ეგვიპტეში ქალებს წელზე ტატუს სწორედ იმიტომ უკეთებდნენ, რომ მიაჩნდათ, ის მათ ყოველთვის სიმშვიდეს მოჰგვრიდა.
„თუკი ამ ტატუების მიზანი წარმატებული ორსულობისა და მშობიარობის გარანტირება იყო, ანდაც ტკივილის თავიდან აცილება, მაშინ კანზე ასეთი გამოსახულებები უფრო ხშირად უნდა გვხვდებოდეს“, — აღიარებენ მკვლევრები.
ეგვიპტეში აღმოჩენილი ზრდასრული ქალების მუმიები ყველა ერთნაირად არ არის ტატუირებული. ზოგიერთ კარგად შენახულ კანზე ასეთი გამოსახულებები საერთოდ არ გვხვდება, ზოგიერთ მუმიას კი 30-ზე მეტი ტატუ ამშვენებს.
მათი დანიშნულების შესახებ მკვლევრებს ამ ეტაპზე მხოლოდ ვარაუდი შეუძლიათ. შესაძლოა, ასეთი ტატუები მხოლოდ მშობიარობის პროცესში ჩართულ ქალებს ჰქონდათ, მაგალითად, ბებიაქალებს. ასევე შესაძლებელია, რომ ის ქალღმერთის კულტის წევრობას განასახიერებდა.
ნებისმიერ შემთხვევაში აშკარაა, რომ ეს ტატუები რაღაც „მდარე“ ნამდვილად არ იყო.
კვლევა The Journal of Egyptian Archaeology-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.