რას ითვალისწინებს ახალი სანქციები, რომლებიც დედაქალაქში მშენებლობებსა და შრომის უსაფრთხოებას ეხება
შრომის უსაფრთხოებასთან და დედაქალაქში მშენებლობებთან დაკავშირებით მომზადებული ახალი საკანონმდებლო რეგულაციები მეორე მოსმენის რეჟიმში მიმდინარე სასესიო კვირას განიხილება.
შესაბამისი ცვლილებები „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის შესახებ კოდექსში“ შედის. კერძოდ, წარმოდგენილი ცვლილებებით, უსაფრთხოების წესების დარღვევაზე საჯარიმო თანხა 3000 ლარიდან 30 000 ლარამდე იზრდება.
ინიციატივით, მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონასა და თბილისის ტერიტორიაზე მშენებლობის შეჩერების შესახებ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების შეუსრულებლობა დაჯარიმებას გამოიწვევს 50 000 ლარის ოდენობით, ნაცვლად 5 000 ლარისა.
ცვლილებებით მკაცრდება სანქციები ზოგადად უნებართვო მშენებლობაზე. კერძოდ, პროექტით, სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საჯარიმო სანქცია – 10000 ლარიდან 25 000 ლარამდე გაიზრდება.
ასევე ინიციატივით, საკუთრებაში ახალი სანებართვო მშენებლობა ან რეკონსტრუქცია, რომელიც პარამეტრებით მესამე და მეოთხე კლასს მიეკუთვნება, 20000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.
ასევე გაიზრდება საჯარიმო სანქციები პროექტის დარღვევით მშენებლობის განხორციელებაზე. კერძოდ, მესამე და მეოთხე კლასის ობიექტებზე ჯარიმა 10000 და 15 000 ლარით განისაზღვრება.
„უსაფრთხოების წესების დარღვევაზე სამართალდარღვევის საქმის წარმოება პირდაპირ შემოწმების აქტის შედგენით დაიწყება, რაც გაცილებით ეფექტურს გახდის ზედამხედველობის ორგანოს მსგავს დარღვევებზე რეაგირების კუთხით. ასევე დააჩქარებს გადაწყვეტილების მიღებასა და საჯარიმო სანქციის შეფარდებას. აღნიშნულ შემთხვევაში, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის ორგანო ვალდებული იქნება შემოწმების აქტის შედგენიდან დაუყონებლივ მიიღოს დადგენილება დაჯარიმების თაობაზე“, – აღნიშნულია პროექტში.
სანქციების რაოდენობის გაზრდის ინიციატივით დედაქალაქის მერი კახა კალაძე გამოვიდა.