ბექა დავითულიანი - ქალაქში არ უნდა იყიდებოდეს კოეფიციენტები, ეს სწორედ კახა კალაძის ადმინისტრაციის პირობებში ავკრძალეთ
ბექა დავითულიანი - ქალაქში არ უნდა იყიდებოდეს კოეფიციენტები, ეს სწორედ კახა კალაძის ადმინისტრაციის პირობებში ავკრძალეთ

ჩვენ ქალაქში არ უნდა იყიდებოდეს კოეფიციენტები და ეს ჩვენ სწორედ კახა კალაძის ადმინისტრაციის პირობებში ავკრძალეთ, – განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ბექა დავითულიანმა.

მისი თქმით, სამშენებლო ამნისტია ეხება მშენებლობებს, რომლებსაც აქვს დარღვევები, თუმცა ეს დარღვევები არ ახდენს ზეგავლენას მის უსაფრთხოებასა და მდგრადობაზე.

„ჩვენი ქალაქი უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში, ამ განუკითხავი მშენებლობის შედეგად ნამდვილად დაზარალდა. პირველი სკოლის უკან გვაქვს მშენებლობა, რომელიც ჩვენი 30 წლის უკანონო და გაუაზრებელი მშენებლობების სახეა და ეს არ დაზარალებულა ჩვენი ხელისუფლების ხელში. ბატონმა მამუკამ ბრძანა, თუ წარმოგიდგენიათ ქალაქი როგორი უნდა იყოსო. კი, წარმოგვიდგენია, ეს დოკუმენტირებული გვაქვს და თბილისის განვითარების გენერალურ გეგმაშია ასახული, თუ როგორი უნდა იყოს ჩვენი ქალაქი. ჩვენი ქალაქი უნდა იყოს სატყეო ზონებით, სარეკრეაციო ზონებით, რომელიც უკვე ხუთ მილიონ კვადრატამდე გაიზარდა მხოლოდ ამ გენგეგმის მიღებით, ჩვენი ქალაქი უნდა იყოს სატრანსპორტო კორიდორებით, რომელიც ამ გენგეგმაშია დატანილი და უნდა იყოს მულტიცენტრები, რომელიც ასევე ამ გენგეგმაშია დატანილი. ჩვენ ქალაქში არ უნდა იყიდებოდეს კოეფიციენტები და ეს ჩვენ სწორედ კახა კალაძის ადმინისტრაციის პირობებში ავკრძალეთ“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

მისი თქმით, ამნისტია ეხება მშენებლობებს, რომლებსაც ინდივიდუალურად განიხილავს სპეციალური ჯგუფი, რამდენად აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმს, რომ შეიძლება ეპატიოთ მხოლოდ მათ.

„არ ეხება ისტორიულ არეალს, რაზეც აქ დიდხანს იყო საუბარი. იმ შენობებს, რომლებზეც თქვენ საუბრობთ, ისტორიულ არეალში, ამ კანონპროექტით ამნისტია არ ეხება. არც იმაზე საუბარია სერიოზული, ვითომ ვიღაცას ვუკეთებთ, კონკრეტულ დეველოპერებს, რომ ვითომ რაღაც ბრჭყალებში „გავუპრავოთ“. ბავშვები ხომ არ ვართ? რომ გვდომოდა გაპრავება და შეზრდილი გვქონდეს ეს ბიზნესი, რამენაირად ნებართვას მივცემდით და გაპრავება არ დასჭირდებოდა ამისთვის“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

დატოვე კომენტარი