რამინ იგიდოვი - საქართველო მრავალეთნიკური, მრავალრელიგიური ქვეყანაა და რელიგიების ისტორია ობიექტურად უნდა ისწავლებოდეს
რამინ იგიდოვი - საქართველო მრავალეთნიკური, მრავალრელიგიური ქვეყანაა და რელიგიების ისტორია ობიექტურად უნდა ისწავლებოდეს

სკოლებში რელიგიების ისტორიის სწავლების თემასთან დაკავშირებით, საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში საზოგადოებასთან აქტუალურ თემებზე საუბრების ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას განათლების სამინისტროს, პარლამენტის შესაბამისი კომიტეტების ხელმძღვანელები, რელიგიის საბჭოს, სხვადასხვა კონფესიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

როგორც სრულიად საქართველოს შეიხმა რამინ იგიდოვმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, მათ აქვთ შეთავაზება, რომ გამოიცეს ბროშურა ან წიგნი, სადაც ყველა რელიგიის საერთო ღირებულებები იქნება მოცემული.

„დღევანდელი შეხვედრა მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან ჩვენ, მუსლიმი თემი დიდი ხანია ასეთი შეხვედრის ინიციატორები ვიყავით.

გვსურდა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სკოლებში სწავლება დაწყებულიყო. ამიტომაც დადებითად ვაფასებთ აღნიშნულ ინიციატივას ჩვენ შევუერთდებით და მხარს დავუჭერთ მას, რადგან ვხედავთ მის მნიშვნელობას.

რადგან საქართველო არის მრავალეთნიკური და მრავალრელიგიური ქვეყანა, აუცილებელია, რელიგიების ისტორია ობიექტურად, თანამედროვედ ისწავლებოდეს, რადგან მომავალ თაობას რწმენის მიმართ პატივისცემა და შემწყნარებლობა გაუძლიერდეს.

ამის პარალელურად, ჩვენ ასევე გვაქვს ერთი შეთავაზებაც. გარდა სასკოლო სახელმძღვანელოს შექმნისა, ასევე გამოიცეს წიგნი ან ბროშურა, სადაც ყველა რელიგიის საერთო ღირებულებები იქნება მოცემული. მაგალითად ადამიანის სიყვარული, ღვთის სიყვარული, ქვეყნის სიყვარული. ცუდი მანერების ქცევიდან როგორ უნდა დადგე შორს და ა.შ. ამ საკითხებზე თითქმის ყველა რელიგიას ერთნაირი შეფასებები აქვს და ასეთი ბროშურა ან წიგნი კიდევ უფრო დააახლოვებდა ყველა მოქალაქეს ერთმანეთთან“,- განაცხადა რამინ იგიდოვმა​..