მარიამ ჩიქობავა - მსჯელობით გადაწყდება, როგორ უნდა ისწავლებოდეს რელიგიების ისტორია საქართველოში
მარიამ ჩიქობავა - მსჯელობით გადაწყდება, როგორ უნდა ისწავლებოდეს რელიგიების ისტორია საქართველოში

სამინისტროს პოზიციაა, რომ რელიგიების ისტორია აუცილებლად უნდა ასწავლოს პედაგოგმა, რომელსაც აქვს შესაბამისი სერთიფიკატი და ვფიქრობთ, ეს უნდა იყოს ჰუმანიტარული საგნების პედაგოგი, – ამის შესახებ  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველოს უფროსმა მარიამ ჩიქობავამ განაცხადა.

ჩიქობავა სკოლებში რელიგიების ისტორიის სწავლების თემასთან დაკავშირებით, საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში საზოგადოებასთან აქტუალურ თემებზე საუბრების ფარგლებში გამართულ შეხვედრას დაესწრო.

„ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების ფართო ჩართულობა, რადგან საუბარია რელიგიების ისტორიის სწავლებაზე, არა მხოლოდ ისტორიულ ჭრილში არამედ კულტურულ ჭრილში, თუ რა გავლენა მოახდინა ამან საუკუნეების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის კულტურის, ხელოვნების ფორმირებაზე და ა.შ.

ამიტომ, ვფიქრობთ, ყველა დაინტერესებული პირი სხვადასხვა ტრადიციული რელიგიების წარმომადგენლები აუცილებლად უნდა იყვნენ ამ პროცესებში ჩართული. პირველ რიგში უნდა მომზადდეს პროგრამა, რომელიც მათთან ერთად შეიქმნება და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება უკვე სახელმძღვანელოების მომზადებაზეც საუბარი.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია პედაგოგების გადამზადების საკითხი. სამინისტროს პოზიციაა, რომ რელიგიების ისტორია აუცილებლად უნდა ასწავლოს პედაგოგმა რომელსაც აქვს შესაბამისი სერთიფიკატი და ვფიქრობთ,ეს უნდა იყოს ჰუმანიტარული საგნების პედაგოგი, ისტორიკოსი, ფილოლოგი და ა.შ.

მაგრამ რასაკვირველია ამაში საჭირო იქნება პედაგოგების შესაბამისი მომზადება, რომ რაიმე არასწორად არ წარიმართოს და რაიმე მოვლენებს არასწორი განვითარება არ მიეცეს“,- განაცხადა ჩიქობავამ.

მისივე თქმით, სახელმძღვანელოზე მუშაობა ჯერ დაწყებული არ არის.

„პირველ რიგში, უნდა მომზადდეს სტანდარტი, წლიური პროგრამა და მხოლოდ ამაზე დაფუძნებული სახელმძღვანელო. ბუნებრივია, შეუძლებელია იმ რელიგიების წვლილის აღნიშვნა, არდაფასება, რომლებმაც მართლაც დიდი გავლენა მოახდინეს ჩვენს კულტურაზე, მსოფლმხედველობასა და არქიტექტურაზე.

ამიტომ, ამაზე რა თქმა უნდა დიდი აქცენტი გაკეთდება და ეს იქნება წარმოდგენილი როგორც ისტორიულ ჭრილში ამ რელიგიების წარმოშობის, ისტორიის და მათი განვითარების შესახებ, ასევე იმ განვითარების, იმ კვალის შესახებ, რაც მათ დატოვეს ჩვენს კულტურაში, არქიტექტურაში ხელოვნებასა და თუნდაც ლიტერატურაში. ფორმატი არ არის გადაწყვეტილი.

ამაზე ვიმსჯელებთ რა თქმა უნდა ისევ ფართო ჩართულობით და სწორედ ამ მსჯელობით გადაწყდება, როგორ უნდა ისწავლებოდეს რელიგიების ისტორია“,- განაცხადა მარიამ ჩიქობავამ.