მარიამ ჯაში - მივესალმები სკოლებში რელიგიების ისტორიის შესახებ მართებული ცოდნის შეტანას
მარიამ ჯაში - მივესალმები სკოლებში რელიგიების ისტორიის შესახებ მართებული ცოდნის შეტანას

სკოლებში რელიგიების ისტორიის სწავლების თემასთან დაკავშირებით, საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში საზოგადოებასთან აქტუალურ თემებზე საუბრების ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას განათლების სამინისტროს, პარლამენტის შესაბამისი კომიტეტების ხელმძღვანელები, რელიგიის საბჭოს, სხვადასხვა კონფესიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრენენ.

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშის განცხადებით, მიესალმება მართებული ცოდნის შეტანას სკოლებში რელიგიების ისტორიის შესახებ, რადგან ზოგადად თეოლოგიის პრინციპები და რელიგიების ისტორია არის განუყოფელი ნაწილი ცივილიზაციათა განვითარების, საკაცობრიო ისტორიისა და კულტურათაშორისის დიალოგის.

„სწორი ცოდნა, არა ინდოქტრინაციაზე, არამედ ცოდნაზე ორიენტირებული სწავლება ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ დაგვეხმარება, რომ ჩვენს მრავალეროვან საზოგადოებაში, რომელიც ყოველთვის იყო ტოლერანტული, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ურთიერთპატივისცემისა და ტოლერანტობის შეგრძნება. რაც მთავარია, თავიდან ავიცილოთ ის უაღრესად ტრაგიკული განვითარება და მიმდინარეობა, რომელიც დღეს გვხვდება მსოფლიოში გლობალური ისაფრთხოების თვალსაზრისით. ის, რაც ხდება დღეს თანამედროვე, სამყაროში არის სწორედ არასწორი ცოდნის შედეგი სხვადასხვა რელიგიათა ძირითად საწყისებთან მიმართებაში. მე მხოლოდ მივესალმები ამ ინიციატივას და დარწმუნებული ვარ, ჩემი კოლეგებიც საპარლამენტო გუნდიდან, მხარს დამიჭერერენ იმ ოპტიმალური პოზიციის ჩამოყალიბებასა და შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივის შექმნაში, რაც საჭირო იქნება, რათა რეალურად ჩვენს შვილებს, განურჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა და რწმენისა, ასევე მათ, რომლებიც ათეისტურ არჩევანს აკეთებენ, საკუთარ ცხოვრებაში აბსოლუტურად ყველას რწმენის თავისუფლების გათვალისწინებით მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია ძირითადი, ტრადიციული რელიგიების ისტორიების შესახებ“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

მისი თქმით, სკოლაში სწავლების პროცესში უნდა იყოს ჩართული მხოლოდ შესაბამის კვალიფიკაციის პედაგოგი.

მარიამ ჯაშის განმარტებით, როდესაც საუბარია თეოლოგიის პრინციპებისა და რელიგიების ისტორიების სწავლებაზე, ყველაზე მართებულია ჰუმანიტარული დისციპლინების პედაგოგებმა შეითავსონ აღნიშნული საგნის სწავლება შესაბამისი სწავლებისა და ტრენინგის შემდგომ.

„როდესაც რელიგიების ისტორიის სწავლების ახალ ეტაპს ვიწყებთ,  ბუნებრივია პირველ რიგში, უმნიშვნელოვანესია შეთანხმდეს სახელმძღვანელო, რომელიც იქნება შეჯერებული როგორც დომინანტი ეკლესიის, საქართველოს საპატრიარქოს მხრიდან, ასევე ხვადასხვა კონფესიების ხელმძღვანელებთან ერთად. ჩვენ მართებული ცოდნა უნდა მივაწოდოთ აბსოლუტურად ყველა ძირითადი რელიგიის შესახებ და მათი განვითარების შესახებ. ასევე მათი წვლილის შესახებ კონკრეტული ქვეყნის, განსაკუთრებით კი საქართველოს კულტურული და სოციალურ-პოლიტიკური განვითარების ეტაპებზე“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

მისი თქმით, ძალიან აქტიურად მუშაობს მასწავლებელთა სახლი, სადაც კარგად არის აგებული რეგულარული ტრენინგების სისტემა, გადამზადების სისტემა.

მარიამ ჯაშის განმარტებით, მას შემდეგ, რაც იქნება თვითონ სასწავლო სახელმძღვანელო შემუშავებული, დაიგეგმება შესაბამისი სასწავლო პროგრამა პედაგოგებისთვის, მოხდება შერჩევა სკოლების მიერ შესაბამისი პედაგოგების და ეს ადმინისტრაციულად საკმაოდ მარტივად გასამართი იქნება.

„მთავარია, შევთანხმდეთ შინაარსზე, რადგან შინაარსი რჩება ყველაზე მნიშვნელოვანი და თავად მიდგომა. რეალისტურად თუკი ჩვენ გავერთიანდებით და შევაჯერებთ პოზიციებს ყველა შესაბამის ჩართულ მხარესთან, მიმაჩნია, რომ ყოველ შემთხვევაში თეორიულად, შესაძლებელია 2019 წლის სექტემბრიდან მოხდეს თუნდაც გარკვეულ მუნიციპალიტეტებში საპილოტე პროგრამების დაწყება“, – აღნიშნა მარიამ ჯაშმა.