მეუფე იოანე (გამრეკელი) - რელიგიური განათლების მიღების უფლება ფაქტობრივად წართმეული იყო, ის უნდა დავაბრუნოთ
მეუფე იოანე (გამრეკელი) - რელიგიური განათლების მიღების უფლება ფაქტობრივად წართმეული იყო, ის უნდა დავაბრუნოთ

ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა, რომ ადამიანმა მიიღოს განათლება. ვფიქრობთ, რომ ამაში შედის ასევე რელიგიური განათლების მიღების უფლებაც, რომელიც ფაქტობრივად წართმეული იყო, ის უნდა დავაბრუნოთ,- ამის შესახებ რუსთავის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე იოანემ (გამრეკელი) სკოლებში რელიგიების ისტორიის სწავლების თემასთან დაკავშირებით, საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მეუფემ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივას დადებითად აფასებს.

„არსებობს უფლება, მაგრამ მას სამინისტრო, სახელმწიფო დადებითად ვერ პასუხობს. უნდა ვეცადოთ, რომ სკოლებში ეს უფლება დაცული იყოს. მადლობა ღმერთს, რომ სამინისტროს მხრიდან უკვე გამოითქვა მზაობა ამასთან დაკავშირებით, მაგრამ მზაობა ადრეც გამოთქმულა, თუმცა ამაზე შორს აღარ წასულა საქმე.

ცხადია სწავლება უნდა იყოს საფეხურებრივი, ასაკის გათვალისწინებით. უნდა შეიქმნას პროგრამები. ჩვენი შეთავაზებაა, რომ რადგან საქართველო მულტიკონფესიური ქვეყანაა და მულტი ეთნიკურია, უნდა შეიქმნას საგანგებო ჯგუფი, კომისია სადაც ტრადიციული კონფესიების წარმომადგენლებიც იქნებიან, რომლებიც კომისიაში თავის სტიმულს შეიტანენ.

პროგრამა უნდა შედგეს იმის მიხედვით, ისტორიულ ჭრილში საქართველოში რომელი რელიგია როდის შემოვიდა. რა კულტურული მემკვიდრეობა შექმნა, მათი დღესასწაულები, მათი გამოჩენილი პიროვნებები ვინ არიან და ა.შ. ეს ყველაფერი გაამდიდრებს ცოდნას ქვეყნის შესახებ, მისი ისტორიის შესახებ“,- განაცხადა მეუფემ.

მისივე თქმით, ყველა ბავშვს საჯარო სკოლაში უნდა ჰქონდეს უფლება, თუ მას აინტერესებს კონფესიური განათლება, არასაგაკვეთილო დროში შეხვდეს ამა თუ იმ კონფესიის წარმომადგენელს და მოისმინოს მისგან კონკრეტულად იმ კონფესიის შესახებ.

„ასე რომ, ჩვენ უნდა შევიმუშაოთ კონცეფცია, ვიფიქროთ სახელმძღვანელოს შექმნაზე, სწავლების მეთოდიკაზე და შესაბამისი კადრების მომზადებაზე. სამინისტრომ უნდა შექმნას სპეციალური ჯგუფი, რომელიც მომავალ პედაგოგებზე გასცემს შესაბამის სერთიფიკატს და არა ისე, ნაცნობობით და ნათესაობით მოყვანილი პედაგოგები, რომლებსაც საათებს აძლევდნენ და ხელფასს უმატებდნენ. ეს პრაქტიკა იყო და აღარ უნდა განმეორდეს“,- განაცხადა მეუფე იოანემ.