რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან აქცია გამართეს
რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან აქცია გამართეს

რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შენობასთან აქცია გამართეს.

შეკრებილებმა უზენაესი სასამართლოსთვის შერჩეული მოსამართლების არჩევის პროცესი გააპროტესტეს. აქციის მონაწილეებმა ადგილზე პლაკატები მიიტანეს წარწერებით „კლანი უნდა წავიდეს“, „შეფასდეს კლანური მმართველობა“.

როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ადვოკატმა ირაკლი კორძახიამ განაცხადა, პროცესში პარლამენტი უნდა ჩაერთოს.

„პროტესტი დღეს არ დაწყებულა. დაიწყო დეკემბერში შავი სიის წარდგენით. საზოგადოების ზეწოლით მაშინ ეს პროცესი დაიბლოკა, თუმცა მერე ის გაკეთილშობილდა და დაიწყო თავიდან. ამ პროცესს თავიდანვე ჰქონდა ხარვეზები. ეს სახალხო დამცველის დასკვნაში დეტალურად აისახა, როდესაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, რომლებიც უნდა იყვნენ დამოუკიდებლები და ინდივიდუალურად უნდა მიიღონ გადაწყვეტილებები, აღმოჩნდა, რომ მათგან ათმა პირმა შეთანხმებულად მისცა და გაიყვანა 45 კანდიდატი ამ სიაში. გასაუბრებების გამჭირვალობა ნამდვილად მისასალმებელია. საზოგადოებამ დაინახა, რომ ბევრი კანდიდატი არ აკმაყოფილებდა არც კეთილსინდისიერების და არც კვალიფიკაციის კრიტერიუმებს, თუმცა დაინახა ის კანდიდატებიც, რომლებიც ორივე კრიტერიუმს აკმაყოფილებდნენ“, – განაცხადა ირაკლი კორძახიამ.

რაც შეეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გამოქვეყნებული უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების მიერ მიღებული ქულების შესახებ ინფორმაციას, ირაკლი კორძახიამ განაცხადა, რომ შეფასებები სუბიექტურად განხორციელდა.

„თავად შეფასებები, რომლებიც გუშინ ღამე დაიდო, აჩვენებს, რომ განხორციელდა სუბიექტურად, მიკერძოებულად, რადგან საზოგადოებაში ძალიან ბევრ იურისტს დაწერილი აქვს ძალიან დაბალი შეფასება როგორც კვალიფიციურობაში, ასევე კეთილსინდისიერებაში. ეს ნიშნავს, რომ იუსტიციის საბჭოს იმ წევრებმა, რომლებიც კლანის ნაწილად მოიაზრებიან, დაბალი შეფასებები დაუწერეს იმ კანდიდატებს, რომლებიც აკრიტიკებდნენ სასამართლოში არსებულ მდგომარეობას წინა ხელისუფლებისა და ამ ხელისუფლების პირობებში. შესაბამისად, ჩვენ ვაპროტესტებთ ამ პროცესს. პარლამენტმა აუცილებლად უნდა შეაფასოს ის პრობლემები, რაც არსებობს დღეს სასამართლო ხელისუფლებაში. პროცესი აუცილებლად გადაინაცვლებს პარლამენტში, რომელმაც უნდა განსაზღვროს ამ მანკიერი პროცესის შედეგად წარდგენილი კანდიდატებიდან, თუნდაც რამდენიმე მათგანი თუ აღმოჩნდება კვალიფიციური.

აღიარებული ფაქტია, რომ სასამართლო იყო მორჩილი მაშინდელი ხელისუფლებისა და პროკურატურის, როდესაც მათ მედეგობა გამოავლინეს ან იმ პირებს, რომლებიც მაშინ არ იყვნენ სასამართლო ხელისუფლებაში, სწორედ ამ კანდიდატებს უნდა დაუჭიროს მხარი პარლამენტმა. ხოლო დანარჩენი ყველა კანდიდატი, მიუხედავად იმისა, რა შეფასებას დაუწერს მათ იუსტიციის უმაღლესი საბჭო, უარი უნდა თქვას “, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ადვოკატმა ირაკლი კორძახიამ.