რამდენად ეფექტიანია ზედაპირების დეზინფექცია კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად
რამდენად ეფექტიანია ზედაპირების დეზინფექცია კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად

ახალი კორონავირუსის თავიდან აცილების შესახებ მრავალი რეკომენდაცია ვრცელდება, მათ შორის ყველაზე ხშირად შეხვდებით მოწოდებას, რომ ხშირად დაიბანოთ ხელები საპნით და მოახდინოთ სახლში ხშირად შეხებადი საგნების ზედაპირის დეზინფექცია. და მაინც, რა არის ვირუსის თავიდან აცილების ყველაზე ეფექტიანი გზა?

სხვა კორონავირუსების მსგავსად, მიჩნეულია, რომ მწვავე რესპირატორული სინდრომის კორონავირუსი 2 (SARS-CoV-2), რომელიც დაავადება COVID-19-ს იწვევს, ძირითადად უხილავი რესპირატორული წვეთებით ვრცელდება ჰაერში, როცა ინფიცირებული ადამიანი ახველებს ან აცემინებს. შესაძლებელია, რომ ეს წვეთები დაეცეს ახლოს მყოფ ადამიანებს ან ახლომდებარე საგნებს, რომლებსაც შემდეგ სხვები ეხებიან; ამ უკანასკნელებმა კი ხელები შემდეგ შეიძლება მოისვან თვალებზე, ცხვირზე ან პირზე და დაინფიცირდნენ.

ჯორჯიის შტატის ემორის უნივერსიტეტის მეცნიერის, ხუან ლეონის განცხადებით, როგორც კორონავირუსების გავრცელების შესახებ წარსულში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, სახლის ჩვეულებრივი სადეზინფექციო საშუალებები, მათ შორის საპონი და ქლორის სუსტი ხსნარი, ახდენს სახლის ნივთებზე არსებულ კორონავირუსთა დეაქტივაციას.

„კორომავირუსები არის გარსიანი ვირუსები დამცავი ფენით. სადეზინფექციო საშუალებები ვირუსის ამ ფენას შლის და კორონავირუსებს გაცილებით ასუსტებს, ვიდრე ნოროვირუსებსა და სხვა, ცილების უფრო ძლიერი საფარის მქონე ვირუსებს“, — ამბობს ლეონი.

საინტერესოა, რამდენ ხანს ცოცხლობს SARS-CoV-2 ვირუსი ჰაერში ან საგნების ზედაპირზე? ერთ-ერთი უახლესი, კვლევის მიხედვით, რომელიც ჯერ რეცენზირებული არ არის, ჰაერში ვირუსი 3 საათამდე ცოცხლობს, 2-3 დღე კი უჟანგავი ფოლადისა და პლასტიკის ზედაპირებზე. Journal of Hospital Infection-ში გამოქვეყნებულ კვლევაში მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მონათესავე ვირუსი, რომელმაც 2002-2003 წლებში კიდევ ერთი კორონავირუსული დაავადება SARS-ი გამოიწვია, მყარ ზედაპირებზე 9 დღემდე ცოცხლობს, მათ შორის უჟანგავ ფოლადსა და პლასტმასებზე. ჟურნალ JAMA-ში გამოქვეყნებული კიდევ ერთი კვლევის მიხედვით კი, SARS-CoV-2 ვირუსი ადამიანთა სახეზე დააფიქსირეს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ვირუსი ვრცელდება იმ ადამიანთა საშუალებითაც, რომლებიც ხელებს არ იბანენ ან არასწორად იბანენ. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის განცხადებით, ამჟამად არ არსებობს მტკიცებულება, რომ ვირუსი სასმელი წყლის ან საცურაო აუზების მეშვეობით ვრცელდება.

რაც შეეხება ღია სივრცეებს? ადგილობრივი მედიის ცნობით, ჩინეთის ქალაქ შანხაიში და სამხრეთ კორეის ქალაქ კვანჯუში ღია სივრცეების სადეზინფექციო საშუალებებად ნატრიუმის ჰიპოქლორიტისა და ქლორის გაზავებულ ხსნარებს იყენებდნენ. უცნობია, ანადგურებს თუ არა კორონავირუსებს ქლორი ღია სივრცეში; ამავე დროს უცნობია, თუ მათ ზედაპირზე კლავს, კლავს თუ არა ჰაერშიც. ქლორზე დაფუძნებულ მათეთრებელ საშუალებებს ულტრაიისფერი სინათლე შლის. ლეონის თქმით, როგორც ცნობილია, ულტრაიისფერი სინათლე კორონავირუსებსაც ანადგურებს. შესაბამისად, ღია სივრცეებში მოთავსებულ ზედაპირებზე კორონავირუსები შეიძლება უკვე დასუსტებული იყოს.

მკვლევართა განცხადებით, ქლორის ხსნარით გადამეტებულ დეზინფექციას შეიძლება გვერდითი უარყოფითი ეფექტებიც ჰქონდეს, რადგან ის ძლიერ აღიზიანებს ლორწოვან გარსებს. ამ მხრივ განსაკუთრებული რისკის ქვეშ შეიძლება დადგნენ ის ადამიანები, რომლებიც თავად ახდენენ დეზინფექციას, ასევე ასთმით დაავადებულები.

გამომდინარე აქედან, რა არის საუკეთესო გამოსავალი? იმის გათვალისწინებით, რომ COVID-19-ის გადადების ყველაზე გავრცელებულ გზად ადამიანების ერთი-ერთზე კონტაქტი ჩანს, მკვლევრები გვირჩევენ, რომ შევზღუდოთ სწორედ ეს კონტაქტი და დავიცვათ ჰიგიენა, რელულარულად ვიბანოთ ხელები საპნით სულ მცირე 20 წამის განმავლობაში. „რაც არ უნდა მარტივად ჟღერდეს, ეს ყველაფერი საოცრად ეფექტიანია“, აღნიშნავს ემორის უნივერსიტეტის მეცნიერი ხუან ლეონი.

მომზადებულია sciencemag.org-ის მიხედვით.