რამ განაპირობა უძველეს ადამიანთა აფრიკიდან გამოსვლა — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
თანამედროვე ადამიანთა აფრიკიდან მიგრაციის შესახებ მრავალი მოსაზრება არსებობს. ირკვევა, რომ ზოგიერთი მოძრაობა შეიძლება განაპირობა არა „მწვანე დერეფნებმა“, არამედ პირიქით, მათმა არარსებობამ.
ეთიოპიაში აღმოჩენილი ვულკანურ მინაზე ჩატარებული ახალი ანალიზები ცხადყოფს, რომ 74 000 წლის წინ, აფრიკის რქაზე ადამიანები გვალვის პირობებში ცხოვრობდნენ, რაც მათ გარემოსთან მორგებას და ალბათ მოგზაურობასაც აიძულებდა, რათა გაეზარდათ ხელმისაწვდომ რესურსთა რაოდენობა.
სეზონურ მდინარეებსა და წყლით სავსე ჩაღრმავებებს, სადაც საკვები უფრო მეტი იყო, უნდა წარმოექმნა ე. წ. ცისფერი გზატკეცილები, რომლებსაც ადამიანთა აფრიკიდან გამოსვლა უნდა გაეადვილებინა.
„ვინაიდან მშრალი სეზონების გამო ადამიანებს საკვებისა და წყლის ნაკლებობა ჰქონდათ, სავარაუდოდ, იძულებული იყვნენ, წყლით სავსე სხვა ღრმულები ეპოვათ. სეზონური მდინარეები ერთგვარი ტუმბოების როლს ასრულებდნენ, რომლებიც ადამიანებს იზიდავდა და სავარაუდოდ, განაპირობა თანდათანობით მათი აფრიკიდან გამოსვლა“, — ამბობს ოსტინის ტეხასის უნივერსიტეტის ანთროპოლოგი კონ კაპელმანი.
ცნობილია, რომ ადამიანები და ადამიანის წინაპრები პრეისტორიულ ხანაში აფრიკიდან მრავალჯერ გამოვიდნენ. როგორც ჩანს, ამის საკმაოდ ლოგიკური მიზეზი კლიმატური ცვლილებებია. თუმცა, საკმაოდ რთულია იმის დადგენა, როდის და რატომ გამოვიდნენ აფრიკიდან ადამიანები მასობრივად.
„მწვანე დერეფნის“ თეორიის მიხედვით, ადამიანები საკვები რესურსების გაფართოებასთან ერთად ფართოვდებოდნენ. კაპელმანს და მის კოლეგებს ყველაზე ბოლო და მასობრივი მიგრაციის ალტერნატიული მამოძრავებელი ძალის შესწავლა სურდათ; ეს მიგრაცია დაახლოებით 100 000 წლის წინ მოხდა.
მათი კვლევა ფოკუსირებული იყო არქეოლოგიურ ძეგლზე, სახელად შინფა-მეტემა 1, რომელიც ეთიოპიის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარეობს. იკვლევდნენ, როგორ ცხოვრობდა იქ ხალხი. ადგილზე აღმოაჩინეს ქვის იარაღები, ადამიანთა მიერ ნაჭამი ცხოველების ძვლები, ცეცხლის ნაშთები და ვულკანური მინის მიკროსკოპული ნამსხვრევები, რასაც კრიპტოტეფრას უწოდებენ. ეს ნამსხვრევები ქიმიურად ვულკან ტობას ამოფრქვევას ემთხვეოდა.
„ამ კვლევის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შედეგი არის ის, რომ სამხრეთ აფრიკაში ჩვენ მიერ ჩატარებული წინა კვლევისას შექმნილი კრიპტოტეფრების ახალი მეთოდებით, რომლებიც ახლა აქ, ეთიოპიაში გამოვიყენეთ — შეგვიძლია ერთმანეთთან დავაკავშიროთ აფრიკის და ალბათ მთელი მსოფლიოს ძეგლები სულ რაღაც რამდენიმეკვირიანი რეზოლუციით“, — ამბობს არიზონის სახელმწიფო უნივერისიტეტის არქეოლოგი კურტის მარენი.
კრიპტოტეფრების სიგანე ადამიანის თმისაზე ნაკლებია, მაგრამ ბევრი რამის თქმა შეუძლიათ ადამიანის ისტორიის შესახებ. მაგალითად, კრიპტოტეფრას შეუძლია გამოავლინოს, გეოგრაფიულად სადამდე მისწვდა ვულკანის ამოფრქვევა. წინა კვლევებმა აჩვენა, რომ ამოფრქვევის ფერფლი აფრიკის სხვა რეგიონებშიც იყო მიღწეული. ამავე დროს, მათი საშუალებით შესაძლებელია არქეოლოგიური არტეფაქტების უფრო ზუსტი ასაკის განსაზღვრაც.
შინფა-მეტემა 1-ის შემთხვევაში, მკვლევრებმა სხვადასხვა სახის მტკიცებულებები შეაგროვეს. ნაკაწრებისა და ნაკვეთების საშუალებით, ძვლები და კბილები აჩვენებს, რა სახის საკვებს ჭამდნენ ამ ძეგლის მცხოვრებლები. ირკვევა, რომ ისინი ნადირობდნენ და ჭამდნენ მაიმუნებსა და ანტილოპებს; როდესაც ეს რესურსები მწირი გახდა, უფრო მეტად თევზზე გადავიდნენ.
საინტერესოა, რომ ძეგლზე ნაპოვნი ზოგიერთი არტეფაქტი აშკარად ისარს წარმოადგენს. მკვლევართა განცხადებით, ეს გახლავთ მშვიდლისრის გამოყენების უძველესი მტკიცებულება ამ დრომდე აღმოჩენილთა შორის.
მკვლევრებმა ასევე ჩაატარეს ძეგლზე აღმოჩენილ ძუძუმწოვართა კბილების და სირაქლემას კვერცხის ნაჭუჭების ნარჩენთა ჟანგბადის იზოტოპების ანალიზი. მიღებული პროპორცია შესაბამისობაშია ძლიერ მშრალ პერიოდთან.
მიუხედავად იმისა, რომ ამ მიგრაციაში შინფა-მეტემა 1-ის ხალხი სავარაუდოდ ჩართული არ იყო, აჩვენებენ რთულ პერიოდებში ადაპტაციის მაღალ დონეს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ადამიანები ადვილად ახერხებდნენ დინების მიყოლას. როცა რთული დრო დგებოდა, პოულობდნენ ცხოვრების ახალ გზებს, თუნდაც ეს გზები უფრო მწვანე საძოვრების პოვნა ყოფილიყო.
„კვლევა ადასტურებს სამხრეთ აფრიკაში ჩატარებული კვლევის შედეგებს. იქ ამოფრქვეულმა ვულკანმა ტობამ აფრიკაში შეიძლება გარემო შეცვალა, მაგრამ ხალხი ამას მოერგო და გადარჩა“, — ამბობს მარენი.
კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია eurekalert.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.