რაისა ლიპარტელიანი - ტყიბულში მომხდარი უბედური შემთხვევა შრომის უსაფრთხოების მიმართულებით არასწორი პოლიტიკის შედეგია
სხვა შემთხვევებთან ერთად, დღეს მომხდარი უბედური შემთხვევა შრომის უსაფრთხოების მიმართულებით არსებული არასწორი სახელმწიფო პოლიტიკის შედეგია, რომლის ერთ–ერთი გამოვლინება შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონია, – ამის შესახებ პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილემ, რაისა ლიპარტელიანმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„კანონის მიღების მთავარი ბიძგი, იმავე მინდელის მაღაროში შარშან მომხდარი საწარმოო შემთხვევა იყო, რამაც პარლამენტში კანონპროექტის ინიცირება დააჩქარა, თუმცა, თითქმის ერთი წლის თავზე გვაქვს მოცემულობა, როცა ამ მიმართულებით რეალურად არაფერი არ შეცვლილა“, – განაცხადა ლიპარტელიანმა.
მისი თქმით, შრომის უსაფრთხოების კანონი ძალიან სუსტია.
„ის ყველა დასაქმებულს უნდა ეხებოდეს, ფარავდეს არამხოლოდ უსაფრთხოების სტანდარტებს, არამედ უფლებრივ ნაწილსაც, რაც შრომითი უფლებების განუყოფელი ნაწილია და უნდა არსებობდეს მისი ეფექტური აღსრულების მექანიზმი, რითაც ინსპექტორს საწარმოო ადგილებზე უპირობო დაშვების უფლება ექნება“, – განაცხადა ლიპარტელიანმა.
როგორც რაისა ლიპარტელიანმა აღნიშნა, პროფკავშირების გაერთიანება კომისიაში თავისი წარმომადგენლების ჩართვას მოითხოვს და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციას ექსპერტთა ჯგუფის გამოყოფის მოთხოვნით მიმართავს, რომელიც მინდელის მაღაროში მომხდარი შემთხვევის გამოძიებაში ჩაერთვება.
„ეს აუცილებელია, რადგან პროცესში ექსპერტთა ჯგუფის ჩართვა კითხვის ნიშნებს მოხსნის აღნიშნული შემთხვევის გამოძიების შედეგებთან, დასკვნებთან, კვალიფიციურობასთან, ობიექტურობასთან და სანდოობასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ლიპარტელიანმა.
როგორც პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილემ აღნიშნა, მინდელის შახტში გარკვეული ვადით წარმოების გაჩერება უნდა მოხდეს, რადგან უცნობია, ამ მომენტამდე არსებობს თუ არა რისკი, რომ ადამიანები ისევ დაშავდნენ და სამწუხარო შედეგები დადგეს.
„ასეთ დროს მნიშვნელოვანია სახელმწიფოს პასუხისმგებლობის პრინციპი. ამ პერიოდში სახელმწიფომ გარკვეული სოციალური დახმარების ფუნქცია უნდა იკისროს, რათა იქ მომუშავე ადამიანები ლუკმა პურის გარეშე არ დარჩნენ“, – განაცხადა ლიპარტელიანმა.
პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ საწარმოო ტრავმების შემთხვევაში, კანონით, მაქსიმალური სასჯელი ხუთწლიანი პატიმრობაა, არსებობს ალტერნატიული სასჯელებიც და ასეთი საქმეების განხილვის დროს, სასამართლო არსებული კანონმდებლობის ფარგლებში მოქმედებს და პროცესი, ძირითადად, ადამიანების პატიმრობით იმიტომ არ სრულდება, რომ ძალიან ხშირად საპროცესო შეთანხმება იდება.