რაინჰოლდ მესნერი - დამატებითი ჰიდროენერგია აუცილებელია სვანეთისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც მთაში საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობენ, მიეცეთ შესაძლებლობა, კვლავაც საკუთარ საცხოვრებელ ადგილზე დარჩნენ, ასევე აუცილებელია ტურიზმის განვითარება, რათა ამ ხალხს სოფლის მეურნეობასთან ერთად შემოსავლის დამატებითი წყარო მიეცეს, – ამის შესახებ ცნობილმა მთამსვლელმა რაინჰოლდ მესნერმა სვანეთში ვიზიტისას განაცხადა, სადაც „კავკასიის მთის ცენტრისთვის“ შერჩეული ტერიტორია დაათვალიერა.
მისი თქმით, ტურიზმის განვითარებისთვის აუცილებელია, რომ ადამიანები დარჩნენ მთაში და აღნიშნა, რომ ტურიზმი ავითარებს ცხოვრებისთვის საჭირო ეკონომიკურ პირობებს.
„ჰიდროსადგურები (ჰიდროენერგია) ამ პროცესის განუყოფელი ნაწილია. ჩვენ ვიყენებთ ელექტროენერგიას და დამატებითი ჰიდროენერგია აუცილებელია სვანეთისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ეს ენერგიის ყველაზე სუფთა წყაროა, რაც გვაქვს. ეს ჩემი პირადი, პოლიტიკური შეხედულებაა. ნავთობი და ბენზინი 20-30 წელიწადში წარმოუდგენლად ძვირი იქნება და თუ ჩვენ ჰიდროენერგიას არ გამოვიყენებთ, როგორ შევძლებთ გადარჩენას თანამედროვე მსოფლიოსა და ეკონომიკაში?!” – განაცხადა იტალიელმა მთასვლელმა.
მთამსვლელმა საქართველოში, კერძოდ, მესტიაში, მსოფლიოში „კავკასიის მთის ცენტრის“ შექმნის გადაწყვეტილება გასულ წელს, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ მიიღო. ამჯერად ის სვანეთში „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ხელმძღვანელთან, ალექსანდრე ონოფრიშვილთან ერთად იმყოფებოდა.
„კავკასიის მთის ცენტრი“, რომელიც სვანეთში აშენდება, მესნერის მუზეუმების ქსელის შემადგენელი ნაწილი იქნება.