რომის “მასტერსის” ნახევარფინალში თანამედროვე ჩოგბურთის კლასიკური დაპირისპირება შედგა – პროფესიულ ტურში 51-ედ ხვდებოდნენ ერთმანეთს ესპანელი რაფაელ ნადალი და სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი.
როგორც მოსალოდნელი იყო, ნადალმა შეძლო მოგება, თუმცა ჯოკოვიჩმა პროფესიულ ტურში დაბრუნების შემდეგ, თავისი ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. ესპანელს საათი და 56 წუთი დასჭირდა ორი სეტის მოსაგებად – 7:6(4), 6:3.
ნადალი მუდმივად წინ იყო და ორივე სეტში ბრეიკით იგებდა. პირველ პარტიაში ჯოკოვიჩმა შეძლო დაკარგული მოწოდების დაბრუნება და საქმე ტაი-ბრეიკამდე მიიყვანა, თუმცა, იქ 4:7 წააგო.
მეორეში სერბმა ვერ მოახერხა საპასუხო ბრეიკის შესრულება, პირიქით, კიდევ ერთხელ წააგო საკუთარი მოწოდება და 3:6 დამარცხდა. მეორე სეტში ჯოკოვიჩს არც ერთი ბრეიკ-პოინტი არ ჰქონია.
ამ მატჩის შემდეგ, რაფაელ ნადალი აბსოლუტური რეკორდსმენი გახდა “მასტერსის” სერიის ტურნირებზე მოგებების რაოდენობით – ესპანელს 356 მატჩი აქვს მოგებული და ერთით უსწრებს შვეიცარელ როჯერ ფედერერს.
ნადალმა მინიმუმამდე შეამცირა ჩამორჩენა ჯოკოვიჩთან ურთიერთშეხვედრებში – 25:26.
სერბმა ვერ დაიცვა რომში შარშანდელი ფინალი, რის გამოც, ორშაბათს 22-ე ადგილამდე დაქვეითდება რეიტინგში. ეს იქნება პირველი შემთხვევა 2006 წლის 2 ოქტომბრის შემდეგ, როცა ჯოკოვიჩი TOP20-ის მიღმა აღმოჩნდება.