ნოვაკ ჯოკოვიჩი ამერიკის ღია პირველობის ფინალშია #1TVSPORT
ნოვაკ ჯოკოვიჩი ამერიკის ღია პირველობის ფინალშია #1TVSPORT

ნიუ-იორკში მინდინარე ამერიკის ღია პირველობის ნახევარფინალში დიდი სლემის ტურნირების 20-გზის გამარჯვებულმა, სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა გერმანელი ალექსანდრ ზვერევი დაძაბულ, ხუთსეტიან დაპირისპირებაში ანგარიშით 3:2 დაამარცხა და ფინალში რუს დანილა მედვედევს შეხვდება.

სერბმა ამ გამარჯვებით ერთგვარი რევანშიც აიღო ზვერევთან ტოკიოს ოლიმპიადის ნახევარფინალში განცდილი მარცხის გამო. ნოვაკ ჯოკოვიჩს, რომელსაც როჯერ ფედერერისა და რაფაელ ნადალის მსგავსად 20-ჯერ აქვს დიდი სლემის ტურნირებზე გამარჯვება მოპოვებული, ერთი მოგებაღა აშორებს ისტორიულ შედეგამდე.

სერბი ფინალში წარმატებული ასპარეზობის შემთხვევაში, ნაჩვენები შედეგებით ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელი გახდება, ამავდროულად, ჯოკოვიჩი გაიმეორებს როდ ლეივერის 1969 წლის შედეგს, როდესაც ავსტრალიელმა ლეგენდამ ერთ კალენდარულ წელში ოთხივე დიდი სლემის ტურნირის მოგება შეძლო.

შეგახსენებთ, რომ სერბს წელს ავსტრალიის, საფრანგეთისა და უიმბლდონის ტურნირები მოგებული აქვს. ფინალური დაპირისპირება ჯოკოვიჩსა და მედვედევს შორის, კვირას, 12 სექტემბერს გაიმართება.

დატოვე კომენტარი