რადიო პირველი არხის ჟურნალისტების, გიორგი გუგუშვილისა და კობა ჩოფლიანის ნამუშევრებმა მედიაკონკურში „საქართველოს ეთნიკური მრავალფეროვნება“ გაიმარჯვა
ტოლერანტობის დღესთან დაკავშირებით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა ოფიციალური მიღება გამართა.
ღონისძიების ფარგლებში, გამოვლინდნენ მედიაკონკურს „საქართველოს ეთნიკური მრავალფეროვნება“ გამარჯვებულები. საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიო პირველი არხის ჟურნალისტების გიორგი გუგუშვილისა და კობა ჩოფლიანის, ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ნამუშევრები ჟიურიმ კონკურსის სამ საუკეთესო ნამუშევარს შორის დაასახელა.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ქეთევან ციხელაშვილმა ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციისა და ტოლერანტული გარემოს მნიშვნელობაზე ისაუბრა.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, თითოეული მოქალაქე უნდა იყოს თანასწორი, განურჩევლად ეთნიკური და რელიგიური კუთვნილებისა და ხელისუფლების პოლიტიკა სწორედ ამისკენაა მიმართული.
„ჩვენი ხელისუფლებისთვის ადამიანი და მისი უფლება მთავარი ამოსავალი წერტილია და მისი პოლიტიკა მიმართულია, რომ მათი უფლება იყოს დაცული. თითოეული მოქალაქე უნდა იყოს დაცული, თითოეული მოქალაქე უნდა იყოს თანასწორი განურჩევლად ეთნიკური და რელიგიური კუთვნილებისა, ჰქონდეს თავისუფლების განვითარების შესაძლებლობა და ჩართული იყოს ქვეყნის განვითარების პროცესში“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
ტოლერანტობის დღე, გაერო-ს გადაწყვეტილებით, 1996 წლიდან აღინიშნება და მისი მთავარი მიზანია, საზოგადოებას შეახსენოს ტოლერანტობის პრინციპის მნიშვნელობა.