თბილისის საკრებულოში ტოლერანტობის დღე აღინიშნა [ფოტო]
თბილისის საკრებულოში ტოლერანტობის დღე აღინიშნა [ფოტო]

თბილისის საკრებულოში ტოლერანტობის დღე აღინიშნა. ღონისძიება ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს ინიციატივით გაიმართა.

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებმა თამარ მეფის სახელობის დარბაზში 12 კუთხე მოაწყვეს, სადაც ეთნოსისთვის დამახასიათებელი სამეურნეო ყოფისა და ისტორიულ-მატერიალური კულტურის ნიმუშები წარმოადგინეს.

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს მადლობის სიგელები გადაეცათ.

ღონისძიებას დედაქალაქის მერი კახა კალაძე, თბილისის საკრებულოს წევრები და დიპლომატიუტი კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

თბილისის მერმა ტოლერანტობის დღე ყველა იმ ადამიანს მიულოცა, ვისთვისაც რელიგიური, ეთნიკური და კულტურული მრავალფეროვნება მთავარ ღირებულებას წარმოადგენს.

„მინდა, დღევანდელი დღე მივულოცო ყველას, ვისთვისაც რელიგიური, ეთნიკური, კულტურული მრავალფეროვნება წარმოადგენს იმ მთავარ ღირებულებას, რაც აძლიერებს ჩვენს ქვეყანას. მე არ შევუდგები ისტორიულ ექსკურსს, ისედაც ყველასთვის ცნობილია და მსოფლიო დონეზეც აღიარებული, თუ რატომ მიიჩნევა თბილისი ერთ-ერთ ყველაზე ტოლერანტულ ქალაქად. დღეს, ამ მოცემულობაში, მე, როგორც დედაქალაქის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირი, ვგრძნობ პასუხისმგებლობას და ვალდებულებას, გავუფრთხილდეთ, დავიცვათ და შევინარჩუნოთ ის დიდი მონაპოვარი, რაც მემკვიდრეობის სახით, ჩვენმა წინაპრებმა დაგვიტოვეს. ასევე, ვიზრუნოთ, რათა შევქმნათ სრულიად თანასწორი გარემო ნებისმიერ უბანში, დასახლებასა და რაიონში ინფრასტრუქტურული განვითარების, სერვისების ხელმისაწვდომობის, სპორტული თუ კულტურული ცხოვრების დანერგვის თვალსაზრისით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ქალაქის მთავარ სიმდიდრეს მოქალაქეები წარმოადგენენ, რომლებიც თბილისის რეალობას და სახეს ქმნიან.

„განსაკუთრებით მინდა, ხაზი გავუსვა იმ კულტურული და ისტორიული არეალების მოვლა-პატრონობის მნიშვნელობას, სადაც იკითხება ჩვენი ქალაქის დიდი ტრადიციები, სხვადასხვა ეთნიკურ თუ რელიგიურ ჯგუფებთან თანაცხოვრების ისტორიები, მაგრამ ამ ქალაქის ყველაზე მთავარ სიმდიდრეს, რასაკვირველია, წარმოადგენენ ჩვენი მოქალაქეები. სწორედ ისინი ქმნიან თბილისის რეალობას, მის სახეს. მიხარია, რომ თბილისის საპატიო მოქალაქის წოდებას ატარებენ სხვადასხვა რელიგიისა და ეთნიკური წარმომავლობის ადამიანები, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ თბილისის, როგორც მრავალეთნიკური ქალაქის განვითარებაში. მინდა, ვისურვო, რომ თბილისელობა და ტოლერანტობა მუდამ იყოს სინონიმი და ჩვენი თბილისური ცხოვრების თანმდევი“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ტოლერანტობის დღის აღნიშვნა მსოფლიოში 1996 წელს გაერო-ს გენერალური ასამბლეის ინიციატივით დაიწყო.