ტოლერანტობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, თეა ახვლედიანი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ახალგაზრდებს შეხვდა
ტოლერანტობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, თეა ახვლედიანი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ახალგაზრდებს შეხვდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებიდან ახალგაზრდებს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე კულტურულ-საგანმანათლებლო სემინარის ფარგლებში სიტყვით მიმართა და ტოლერანტობის საერთაშორისო დღე მიულოცა.

თეა ახვლედიანმა აღნიშნა, რომ საქართველოში, ეთნიკურად მრავალფეროვანი საზოგადოების ტოლერანტულ გარემოში ღირსეულად თანაცხოვრობის უნიკალური ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებით, ისევე როგორც თანასწორობის პრინციპებსა და საერთო ევროპულ ფასეულობებზე დამკვიდრებული საერთაშორისო სტანდარტებითა და სახელმწიფო სტრატეგიის ფარგლებში დანერგილი მექანიზმებით, უზრუნველყოფილია თანასწორობა და ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვა.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, თეა ახვლედიანმა ახალგაზრდებს აპარატის საქმიანობა, პრიორიტეტები, მიღწეული შედეგები და სამომავლო გეგმები გააცნო, რომელთა განხორციელებაში ახალგაზრდა თაობის ჩართულობის გაზრდა პოლიტიკის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. თეა ახვლედიანმა ხაზი გაუსვა სახელმწიფო პოლიტიკის ეფექტიანად განხორციელების პროცესში ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული რეგიონების მოსახლეობის ინფორმირებისა და ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობას, მათ შორის საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივების შესახებ გაამახვილა ყურადღება.  სემინარის მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართეს ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა.

დღის განმავლობაში დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში, სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით პანდემიის პერიოდში გადაღებული ტოლერანტობისადმი მიძღვნილი კლიპის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც საპატიო სტუმრების სახელით ესწრებოდნენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის ტოლერანტობისადმი მიძღვნილი კლიპის მონაწილეები.

„ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს ვულოცავ სრულიად საქართველოს, სადაც ეთნიკური წარმომავლობით, კულტურით, ტრადიციებით, თუ მრწამსით განსხვავებული ჩვენი საზოგადოების წევრები საუკუნეების განმავლობაში ღირსეულად თანაცხოვრობენ და ერთად იღწვიან ჩვენი სამშობლოს განვითარებისთვის. დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ურთიერთპატივისცემასა და თანასწორობის პრინციპებზე დაფუძნებული საზოგადოება დემოკრატიული სიმტკიცის მყარი საფუძველია. სწორედ ამ ღირებულებებს და ჩვენი ქვეყნის ისტორიულ უნიკალურ გამოცდილებას ემყარება სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკა, რომლის ერთ-ერთ უმთავრეს, მნიშვნელოვან პრიორიტეტს ახალგაზრდების საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჩართულობის გაძლიერება წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, დღევანდელ დღეს, ჩვენ აღვნიშნავთ, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებიდან მოწვეულ ახალგაზრდებთან ერთად, სხვადასხვა ღონისძიებით კულტურულ-საგანმანათლებლო სემინარის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური პრიორიტეტების თაობაზე ახალგაზრდა თაობის ცნობიერების ამაღლებას“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

ორდღიან სემინარში 40-მდე ახალგაზრდა მონაწილეობს. კულტურულ-საგანმანათლებლო სემინარი მოიცავს შეხვედრებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებთან, თემის ექსპერტებსა და საერთაშორისო პარტნიორებთან. ღონისძიების ფარგლებში მონაწილეები ეწვევიან ოკუპაციის მუზეუმსაც.

კულტურულ-საგანმანათლებლო საინფორმაციო კამპანიების ციკლი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და სსიპ ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ერთობლივი პარტნიორობით ხორციელდება, რომელსაც მხარს უჭერს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი. საინფორმაციო კამპანიის მონაწილეებს სემინარის დასასრულს სერტიფიკატები და ევროსაბჭოსგან სიმბოლური საჩუქრები: ბრენდირებული მეხსიერების ბარათები და  მაისურები გადაეცათ.