რადას დეპუტატი ფიოდორ ვენისლავსკი - საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი საშუალებას მოგვცემს, დაძაბულობა მოვხსნათ და მიღწეულ იქნას უფრო კონსტრუქციული ურთიერთობები პოლიტიკურ და ეკონომიკურ დონეზე
რადას დეპუტატი ფიოდორ ვენისლავსკი - საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი საშუალებას მოგვცემს, დაძაბულობა მოვხსნათ და მიღწეულ იქნას უფრო კონსტრუქციული ურთიერთობები პოლიტიკურ და ეკონომიკურ დონეზე

ასეთი მაღალი დონის ვიზიტი საშუალებას მოგვცემს, დაძაბულობა მოვხსნათ და მიღწეულ იქნას უფრო კონსტრუქციული ურთიერთობები პოლიტიკურ და ეკონომიკურ დონეზე, – ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატმა, ფიოდორ ვენისლავსკიმ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

აღნიშნული განცხადება ფიოდორ ვენისლავსკიმ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, საპარლამენტო დელეგაციის უკრაინაში წასვლის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გააკეთა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ შეაფასებს საქართველოს ხელისუფლების განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინის მხრიდან წამოსული მძიმე ბრალდებების უკან ხედავს საქართველოს ყოფილი მმართველი პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“ კვალს, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი მაღალჩინოსნები ახლა უკრაინაში არიან სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე და შესაძლოა, ამ მძიმე ბრალდებების მთავარი მიზეზი სწორედ ამ ადამიანების მიერ მიწოდებული არასწორი ინფორმაცია იყოს, ფიოდორ ვენისლავსკიმ განაცხადა, რომ ყველა უთანხმოების გადაწყვეტა არის მაგიდასთან დაჯდომა და ყველა მტკიცებულების წარმოდგენა.

„საქართველოს საპარლამენტო ვიზიტი უკრაინაში საშუალებას მოგვცემს, ჩვენი ურთიერთობა უფრო ახალ, კონსტრუქციულ დონეზე ავიყვანოთ“, – განაცხადა ვენისლავსკიმ.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, როგორ შეაფასებს იმ მხარდაჭერას, რომელსაც უკრაინა საქართველოდან იღებს და რა შეფასებას მისცემს საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, რომ საქართველო საერთაშორისო ფორმატებში უკრაინის მიმართ სოლიდარობას გამოხატავს, ინტენსიურად იგზავნება ჰუმანიტარული დახმარება და ა.შ, ფიოდორ ვენისლავსკიმ განაცხადა, რომ სიგნალები და ქმედებები, რომელსაც საქართველო საერთაშორისო დონეზე ახორციელებს, როდესაც უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერას გამოთქვამს, არის იმ პოზიციების სარკისებური ასახვა, რომელსაც უკრაინა 2008 წელს ავლენდა, როდესაც საქართველო მძიმე მდგომარეობაში იყო.

„ჩვენ ყველა საერთაშორისო დონეზე მხარს ვუჭერდით საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და დამოუკიდებლობას. ვფიქრობ, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის უკრაინაში ვიზიტის შემდეგ კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობის აღდგენის ძალიან კარგი შანსები გვაქვს. იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, ჩვენ ერთი და იგივე ტრაგედია გავიარეთ, რომლის პროვოცირებაც რუსეთის ფედერაციამ მოახდინა“, – განაცხადა ფიოდორ ვენისლავსკიმ.