საბა ბუაძე - გამარჯვების ხაზი „ნაციონალურ მოძრაობაზე“ არ გადის, ამას ძალიან კარგად ადასტურებს გასული არჩევნების შედეგები და საზოგადოების განწყობა
საბა ბუაძე - გამარჯვების ხაზი „ნაციონალურ მოძრაობაზე“ არ გადის, ამას ძალიან კარგად ადასტურებს გასული არჩევნების შედეგები და საზოგადოების განწყობა

გამარჯვების ხაზი „ნაციონალურ მოძრაობაზე“ არ გადის, ამას ძალიან კარგად ადასტურებს გასული არჩევნების შედეგები და, მათ შორის, ადასტურებს საზოგადოების განწყობა, – განაცხადა „ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რატომ გადაწყდა, რომ შეიქმნას ცალკე მიზიდულობის ცენტრი და არა ერთიანი ოპოზიციური ფრონტი, ბუაძემ განაცხადა, რომ „ლელოს“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არაფერი საერთო არ აქვს და, შესაბამისად, არანაირ წინასაარჩევნო ერთობაზე საუბარი არ არის.

შეკითხვაზე, დააზიანებს თუ არა საერთო ოპოზიციურ ამოცანას ცალ-ცალკე ალიანსების შექმნა, საბა ბუაძემ აღნიშნა, რომ „ლელოს“ ფოკუსი ახლა პარტიის გაძლიერებისკენაა მიმართული.

„ჩვენი ფოკუსი ახლა მაქსიმალურად არის მიმართული იმაზე, რომ მაქსიმალურად გავააქტიუროთ „ლელოს“ ამომრჩეველი. იმიტომ, რომ ვხედავთ, ამ ძალიან ძველმოდურ პოლიტიკურ პოლუსებს მიღმა არსებობს ხალხი, ვისაც უნდა სიახლე, მომავლის რწმენა და, მათ შორის, ახალი თაობა პოლიტიკაში“, – განაცხადა ბუაძემ.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, ვის მოიაზრებს „ლელო“ მომავალ პარტნიორებად და იქნება თუ არა მათ შორის „გირჩი – მეტი თავისუფლება“ და „დროა“, რომელთა გეგმებში ასევე არ შედის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობა და რომლებიც ცალკე ოპოზიციური ალიანსის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობენ, ბუაძემ განაცხადა, რომ პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციები გაგრძელდება, მაგრამ საქართველოში პროდასავლური საზოგადოება იმაზე გაცილებით მრავალფეროვანია, ვიდრე კონკრეტული პოლიტიკური პარტიები და იქ არსებული ადამიანები.

„ამიტომ ჩვენს მთავარ მოკავშირედ მივიჩნევთ სწორედ იმ პროდასავლურ საზოგადოებას, რომელიც ჯერ არცერთ პარტიაში არ არის გაერთიანებული, რომელიც ხედავს, რომ მართლაც ისტორიულ მომენტში ვართ, ქვეყანა უფსკრულის პირას დგას და ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი რაღაც არის შესაცვლელი. ასეთი ხალხი ბევრია“, – განაცხადა ბუაძემ.

მისი თქმით, ხალხს აინტერესებს, „რისი მაქნისი არიან პარტიები, რომ მათი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალონ და არა ის, თუ ვინ ვისთან დადგება“.

„ამიტომ, როდესაც დრო მოვა, ცხადია, იქნება საუბარი კონფიგურაციებზე, რომელსაც ჩვენ საზოგადოებას შევთავაზებთ, მაგრამ ჯერ დავიწყოთ საუბარი იმაზე, რა შეგვიძლია ამ ქვეყანაში გამეფებული უიმედობის საწინააღმდეგოდ“, – განაცხადა საბა ბუაძემ.