ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპი უკრაინაში ვიზიტით დაინტერესდა, თუმცა თარიღი არ დაუსახელებია
ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპი უკრაინაში ვიზიტით დაინტერესდა, თუმცა თარიღი არ დაუსახელებია

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დონალდ ტრამპი უკრაინაში ვიზიტით დაინტერესდა, თუმცა თარიღი არ დაუსახელებია.

როგორც „პოლიტიკო“ წერს, ამის შესახებ ზელენსკიმ აქსელ სპრინგერის მფლობელობაში არსებულ მედიასაშუალებებთან ინტერვიუში ისაუბრა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ის მზად არის, მოისმინოს ტრამპის გეგმა, რომელიც მას უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით აქვს.

„შეთანხმება მხოლოდ იმაში თუ მდგომარეობს, რომ ჩვენ ტერიტორიები დავთმოთ, მაშინ ეს ძალიან პრიმიტიული იდეაა. მე მჭირდება ძლიერი არგუმენტები. არ მჭირდება ფანტასტიკური იდეა. მჭირდება რეალური იდეა, რადგანაც ფსონზე ადამიანების სიცოცხლე დევს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ზელენსკის განცხადებით, უკრაინის მიერ ტერიტორიების დათმობა გზას გაუხსნის რუსეთს მეტი ომისკენ.

უკრაინის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ მას დონალდ ტრამპთან კონსტრუქციული პარტნიორობა სურს.

ზელენსკიმ ასევე ისაუბრა აშშ-ის მხარდაჭერის პაკეტზე, რომლის დამტკიცებაც კონგრესში ამ დრომდე ვერ მოხერხდა. ამ კონტექსტში უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აშშ-ის მედიაში არსებობენ ადამიანები, ვინც რუსეთის საქმეს აკეთებენ.

„ისინი ავრცელებენ საკუთარ ნარატივებს მედიაში. ეს არ არიან რუსეთის მოქალაქეები ან რუსები. ისინი არიან კონკრეტული მედიაჯგუფების წარმომადგენლები, აშშ-ის მოქალაქეები. სწორედ ისინი ავრცელებენ შესაბამის გზავნილებს, ზოგიერთ შემთხვევაში – ძალიან პრორუსულს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

როგორც ინტერვიუში ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინა ზეწოლის ქვეშაა, რათა მეტ ბრძოლის ველზე მეტი პროგრესი აჩვენოს. ამასთან ერთად, ზელენსკიმ ისაუბრა დასავლელ პარტნიორებზე, რომლებიც უკრაინას საკმარის შეიარაღებას არ აწვდიან. ყველაზე მეტად მან გააკრიტიკა გერმანელი პოლიტიკოსები, მათ შორის ოლაფ შოლცი, „სოციალ-დემოკრატიული პარტია“, რომლის წევრებიც, უკრაინის ლიდერის თქმით, ოცნებობენ ომის „გაყინვაზე“.

მისივე თქმით, გერმანიის კანცლერმა უარი თქვა უკრაინისთვის „ტაურუსის“ ტიპის რაკეტების გადაცემაზე, რაც, ზელენსკის შეფასებით, ბირთვული ომის შიშით არის ნაკარნახევი. მისივე თქმით, შოლცის გზავნილი იყო, რომ ის ვერ დატოვებს გერმანიას ასეთი მძლავრი იარაღის გარეშე.

„არ ვფიქრობ, რომ ეს დაიცავს მსოფლიოს რუსეთისგან მომავალი ბირთვული საფრთხისგან. არცერთი იარაღი, იქნება ეს „ტაურუსი“, „ატაკამსი“ თუ F-16 ვერ დაიცავს ვერავის ბირთვული დარტყმებისგან, თუ ბირთვული ომი დაიწყო“, – განაცხადა ზელენსკიმ.