მედიის წარმომადგენლებს ცოტა ხნის წინ შესაძლებლობა მიეცათ, დიდ დიღომში შემთხვევის ადგილი დაეთვალიერებინათ.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლის მესამე, მეოთხე და მეხუთე სართულები. განსაკუთრებით დაზიანებულია მეექვსე სართულს, სადაც აფეთქება მოხდა. დანგრეულია თითქმის ყველა კედელი. ამასთან, აფეთქების შედეგად დაზიანებულია მოპირდაპირე კორპუსიც.
ადგილზე სამართალდამცველებმა და საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლებმა მუშაობა განაახლეს. შენობაში შესვლის შესაძლებლობა ჯერ არ ჰქონიათ კორპუსიდან ევაკუირებულ მოქალაქეებს. კორპუსში მცხოვრებლებს საკუთარ ბინებში შესვლის უფლებას მას შემდეგ მისცემენ, რაც შესაბამისი სამსახურები დარწმუნდებიან, რომ შენობაში შესვლა უსაფრთხოა.
აფეთქება თბილისში, დიდ დიღომში გუშინ საღამოს მოხდა. შემთხვევის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა. დაშავდა რვა ადამიანი. ექვსი მცირეწლოვნიდან საავადმყოფოში ამ დროისთვის მხოლოდ ერთი რჩება. კლინიკა ასევე დატოვა ორმა ზრდასრულმა პირმაც, რომლებიც შემთხვევის შედეგად დაშავდნენ. აფეთქების შედეგად დაზარალებულები თბილისის მერიამ სასტუმროებში დააბინავა. პირველადი ვერსიით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.