რა ვითარებაა ამ დროისთვის შოვში, სადაც მეწყერი ჩამოწვა [ვიდეო]

კურორტ შოვთან დამაკავშირებელი ხიდი და გზა ღვარცოფმა წაიღო. სავარაუდოდ, მეწყრული პროცესებით გამოწვეულმა ნიაღვარმა შეაღწია შოვის ტერიტორიაზე. დაზიანებულია სასტუმრო „სანსეტ შოვი“. ასევე, შოვის ტერიტორია თითქმის სრულად მოიცვა მიწის მასამ.

უგზოობის გამო კურორტამდე სამაშველო სამსახურების მისვლა გართულებულია. შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები ადგილზე სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებს გადაჰყავს.

არსებული ინფორმაციით, სტიქიის ზონასთან უკვე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და მიმდინარეობს დამატებითი ტექნიკის გადაყვანაც. ვრცელდება ადგილზე მყოფი მოქალაქეების მიერ გადაღებული ვიდეომასალა. ერთ-ერთ ასეთ მასალაში ჩანს, როგორ ამოჰყავს ახალგაზრდა მამაკაცს ტალახში მოხვედრილი ბავშვი.

დაშავებულების შესახებ ამ ეტაპზე დაზუსტებული ინფორმაცია არ ვრცელდება. ადგილზე იმყოფება რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული.