რა მოხდებოდა, სინათლეზე ორჯერ სწრაფად მოძრაობა რომ შეგვეძლოს — #1tvმეცნიერება
რა მოხდებოდა, სინათლეზე ორჯერ სწრაფად მოძრაობა რომ შეგვეძლოს — #1tvმეცნიერება

რამდენადაც ცნობილია, ამქვეყნად არავის შეუძლია სინათლის სიჩქარეზე ორჯერ სწრაფად მოძრაობა. უფრო მეტიც, სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მოძრაობა თქვენი მასის არც ერთ ობიექტს არ შეუძლია.

თუმცა, შესაძლოა, გარკვეულ უცნაურ ნაწილაკებს სინათლის სიჩქარეზე ორჯერ სწრაფად მოძრაობა შეეძლოთ, რაც ამ ნაწილაკებს უკან, წარსულში გაგზავნის.

სიჩქარის უნივერსალური ზღვარი

ამ დროისათვის, ფიზიკის ერთ-ერთი საუკეთესო თეორიაა ფარდობითობის თეორია, რომელიც ალბერტ აინშტაინმა შეიმუშავა. ამ თეორიის მიხედვით, სინათლის სიჩქარე მასის მქონე ნებისმიერი ობიექტისთვის წარმოადგენს სიჩქარის უნივერსალურ ზღვარს.

კერძოდ, ფარდობითობა გვეუბნება, რომ მასის მქონე ვერც ერთი ობიექტი ვერ განავითარებს სინათლის სიჩქარეზე მეტს.

მასის მქონე ობიექტის ასაჩქარებლად, საჭიროა, მას ენერგია დავუმატოთ. რაც უფრო სწრაფად გვინდა ამ ობიექტის მოძრაობა, მით მეტი ენერგიაა საჭირო.

ფარდობითობის განტოლება გვეუბნება, რომ მასის მქონე ნებისმიერი რამ, მიუხედავად იმისა, თუ რამდენი მასა აქვს მას, უსასრულო ოდენობის ენერგიას საჭიროებს სინათლის სიჩქარემდე ასაჩქარებლად.

თუმცა, ჩვენთვის ცნობილი ენერგიის ყველა წყარო სასრულია: ისინი გარკვეულწილად შეზღუდულია.

მართლაც, შესაძლოა სამყარო მხოლოდ სასრული ოდენობის ენერგიას შეიცავს. ეს იმას უნდა ნიშნავდეს, რომ სამყაროში არ არსებობს იმდენი ენერგია, რომ მასის მქონე რაიმე საგანი სინათლის სიჩქარემდე ავაჩქაროთ.

ვინაიდან მეც და თქვენც მასა გვაქვს, ნამდვილად არ უნდა ველოდეთ, რომ უახლოეს მომავალში სინათლის სიჩქარეზე ორჯერ სწრაფად მოძრაობას შევძლებთ.

ტაქიონები

სიჩქარის ეს უნივერსალური ზღვარი ვრცელდება ყველაფერზე, რასაც შეიძლება „ჩვეულებრივი მასა“ ვუწოდოთ.

თუმცა, არის ჰიპოთეტური ნაწილაკები, სახელად ტაქიონები, სპეციალური სახის მასით, რომელსაც „წარმოსახვით მასას“ უწოდებენ.

არ არსებობს ტაქიონების არსებობის მტკიცებულება. თუმცა, ფარდობითობის მიხედვით, არ შეიძლება გამოირიცხოს მათი შესაძლო არსებობა.

თუ მაინც არსებობენ, ტაქიონები ყოველთვის სინათლეზე სწრაფად უნდა მოძრაობდნენ. ზუსტად ისე, როგორც ჩვეულებრივი მასის მქონე ნებისმიერ რამეს არ შეუძლია სინათლის სიჩქარის გადაჭარბება, ტაქიონებს სინათლის სიჩქარეზე ნელა მოძრაობა არ უნდა შეეძლოთ.

ზოგიერთი ფიზიკოსის აზრით, თუ ტაქიონები არსებობს, ისინი გამუდმებით უკან, წარსულში უნდა მოგზაურობდნენ. სწორედ ამიტომ არის ტაქიონები სამეცნიერო ფანტასტიკის მრავალ წიგნსა და ფილმში დროში მოგზაურობასთან დაკავშირებული.

არსებობს მოსაზრება, რომ ერთ მშვენიერ დღეს, შეიძლება ტაქიონების მოპოვება და დროის მანქანის აგება შევძლოთ. მაგრამ ამ დროისათვის ეს შორეულ ოცნებად რჩება და არ გაგვაჩნია პოტენციური ტაქიონების დაფიქსირების შესაძლებლობა.

უმოკლესი გზა?

სამწუხაროა, რომ სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მოგზაურობა არ შეგვიძლია. ჩვენი მზის უახლოესი მეზობელი ვარსკვლავი ჩვენგან 4,35 სინათლის წლით არის დაშორებული. შესაბამისად, სინათლის სიჩქარით მოძრაობის შემთხვევაში, იქამდე მისასვლელად ოთხ წელიწადზე მეტი დაგვჭირდებოდა.

ამ დროისათვის აღმოჩენილი ყველაზე შორეული ვარსკვლავი ჩვენგან დაახლოებით 28 მილიარდი სინათლის წლის მანძილზეა. შესაბამისად, მთელი სამყაროს დიაგრამის შედგენა თითქმის წარმოუდგენელი რამ არის.

ფარდობითობა იძლევა ე. წ. ჭიის ხვრელების არსებობის საშუალებას.

ჭიის ხვრელი წარმოადგენს უმოკლეს გზას (შორთქათი) სივრცეში ორ წერტილს შორის. მიუხედავად იმისა, რომ ნორმალურ პირობებში ვარსკვლავი შეიძლება ჩვენგან 4,5 სინათლის წლით იყოს დაშორებული, ჭიის ხვრელის გზით მასთან შეიძლება სულ რამდენიმე საათი გვაშორებდეს.

თუ ნამდვილი ჭიის ხვრელები მართლაც არსებობს, ისინი უშორეს მანძილებამდე მოგზაურობის საშუალებას დროის ძალიან მოკლე პერიოდებში მოგვცემდა — სამყაროს უშორეს მისადგომებამდე სიცოცხლის განმავლობაში მივაღწევდით.

სამწუხაროდ, ტაქიონების მსგავსად, ჭიის ხვრელებიც სრულიად ჰიპოთეტურია.

უცნაური შესაძლებლობები

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ნამდვილად არ შეგვიძლია სინათლეზე სწრაფად მოგზაურობა, მაინც შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ ეს შეგვიძლია.

ამგვარ აზროვნებას „კონტრფაქტულ აზროვნებას“ უწოდებენ. ამ დროს განვიხილავთ, როგორი უნდა იყოს ან როგორი იქნებოდა საგნები თუ რეალობა ასე სხვაგვარი იქნებოდა.

შეგვიძლია განვიხილოთ მრავალი სხვადასხვა შესაძლებლობა, თითოეული ფიზიკის სხვადასხვა პრინციპებით.

ასე რომ, დარწმუნებით ვერ ვიტყვით, რა მოხდებოდა, თუ სინათლეზე სწრაფად მოგზაურობა შეგვეძლებოდა. საუკეთესო შემთხვევაში, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რა შეიძლება მომხდარიყო. შევძლებდით წარსულში მოგზაურობას? როგორც ეს ზოგიერთი მეცნიერის აზრით ტაქიონებს შეუძლიათ.

აქ უკვე ყველაფერი ჩვენს წარმოსახვაზეა დამოკიდებული.

მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი