ფიზიკოსთა განცხადებით, ჭიის ხვრელები შეიძლება უკვე დაფიქსირებულია — #1tvმეცნიერება
ფიზიკოსთა განცხადებით, ჭიის ხვრელები შეიძლება უკვე დაფიქსირებულია — #1tvმეცნიერება

ჰოპოთეტური ხიდები, რომლებიც სივრცის (და დროის) შორეულ რეგიონებს ერთმანეთთან უნდა აკავშირებდეს, მეტნაკლებად შავი ხვრელის გარკვეული ნაირსახეობა უნდა იყოს, რაც იმას ნიშნავს, რომ ფიზიკის ეს მითიური ობიექტები შეიძლება უკვე ნანახიც გვაქვს.

თუკი ბულგარეთის დედაქალაქ სოფიას უნივერსიტეტის ფიზიკოსთა პატარა ჯგუფის მიერ შემოთავაზებული ახალი მოდელი მართებულია, მაინც შეიძლება არსებობდეს ამ ორი ობიექტის ერთმანეთისგან გარჩევის გზა.

აინშტაინის ფარდობითობის ზოგადი თეორიის მიხედვით, შესაძლებელია იმის ჩვენება, როგორ შეუძლია სამყაროს სივრცე-დროის ფონს წარმოქმნას არა მხოლოდ ღრმა გრავიტაციული „თხრილები“, რომელთაგან გაქცევაც არაფერს ძალუძს, არამედ შეუძლებელი „მთის მწვერვალებიც“, რომლებზე ასვლაც შეუძლებელია.

მათი ბნელი ბიძაშვილებისგან განსხვავებით, ეს მანათობელი გორაკები უნდა განაგდებდნენ ყოველივეს, რაც კი მიუახლოვდება, პოტენციურად უნდა გამოყოფდნენ ნაწილაკებისა და რადიაციის ნაკადებს, რომლებიც არასოდეს უკან აღარ დაბრუნდება.

ერთი შეხედვით, დიდი აფეთქება სწორედ ერთ-ერთ ასეთ „თეთრ ხვრელსჰგავს, მაგრამ ამ დრომდე, სამყაროში ჯერ მსგავსი არაფერი აღმოგვიჩენია. მიუხედავად ამისა, ისინი მაინც რჩება საინტერესო კონცეპტად ფიზიკის ერთ-ერთი უდიდესი თეორიების კიდეების საკვლევად.

1930-იან წლებში, აინშტაინის კოლეგა ნათან როზენმა აჩვენა, რომ შავი ხვრელის ღრმად გამრუდებულ სივრცე-დროს უნდა შესძლებოდა თეთრი ხვრელის ციცაბო მწვერვალებთან დაკავშირება და ერთგვარი ხიდის წარმოქმნა.

ფიზიკის ამ ნაწილში, ჩვენი ყოველდღიური მოლოდინები მანძილისა და დროის შესახებ ირღვევა, რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთი თეორიული კავშირით შესაძლებელია კოსმოსის უზარმაზარი მონაკვეთების გავლა.

შესაფერის გარემო პირობებში, შესაძლოა, მატერიისთვის შესაძლებელი იყოს კოსმოსის ამ მილში გავლა და მეორე დაბოლოებაში გამოსვლა ისე, რომ მისი ინფორმაცია მეტნაკლებად ხელუხლებელი დარჩეს.

გამომდინარე აქედან, იმის დადგენა, თუ როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს ასეთი შესასვლელის მქონე შავი ხვრელი ისეთი ობსერვატორიებისთვის, როგორიც არის მოვლენათა ჰორიზონტის ტელესკოპი, სოფიას უნივერსიტეტის ჯგუფმა შექმნა ჭიის ხვრელის „ყელის“ გამარტივებული მოდელი, სითხის მაგნეტიზებული რგოლის სახით და გააკეთა სხვადასხვა დაშვება იმის შესახებ, როგორ იტრიალებდა მატერია მის გარშემო, შთანთქმამდე.

ამ მძვინვარე მორევის მიერ ჩაჭერილმა ნაწილაკებმა უნდა წარმოქმნას მძლავრი ელექტრომაგნიტური ველები, რომელიც პროგნოზირებადი სახით აგორდება და დაიშლება. სწორედ პოლარიზებული რადიოტალღების საშუალებით მივიღეთ 2019 წელს სუპერმასიურ შავ ხვრელ M87*-ის გამოსახულება, წელს კი ჩვენი გალაქტიკის ცენტრალური შავი ხვრელის, მშვილდოსანი A*-სი.

როგორც ჩანს, ძალიან ძნელი იქნება ტიპური ჭიის ხვრელის გარჩევა შავ ხვრელში ჩამავალი მატერიის მორევის მიერ გამოყოფილი პოლარიზებული სინათლისგან.

თუმცა, ამ ლოგიკით, სრულიად შესაძლებელია, რომ M87* ჭიის ხვრელი იყოს. უფრო მეტიც, ჭიის ხვრელები შეიძლება ყველა შავი ხვრელის ბოლოში იმალებოდეს, მაგრამ არ გაგვაჩნდეს მათი მარტივად დაფიქსირების გზა.

მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამის დადგენის გზა საერთოდ არ არსებობს.

თუკი ჭიის ხვრელობის კანდიდატის გამოსახულებას შევკრავთ, როგორც ის გრავიტაციულ ლინზაში ჩანს, ხილული უნდა გახდეს ის მცირე მახასიათებლები, რომლებიც ჭიის ხვრელებს შავი ხვრელებისგან გამოარჩევს.

ამისათვის კი საჭიროა მარჯვედ მოთავსებული მასა ჩვენსა და ჭიის ხვრელს შორის, რათა მისი სინათლე საკმარისად დამახინჯდეს, რომ უფრო გადიდებულად გამოჩნდეს მცირე სხვაობები. თუმცა, ეს იმის საშუალებას მაინც მოგვცემდა, მკაფიოდ შეგვემჩნია, სიცარიელის რომელ ბნელ ლაქებს აქვს უკანა გასასვლელი.

არსებობს კიდევ ერთი საშუალება, რომელიც ასევე კარგ იღბალს მოითხოვს. თუკი სადმე ჭიის ხვრელს იდეალური კუთხით შევნიშნავთ, ჩვენკენ მომართულ მის გახსნილ შესასვლელთან მოძრავი სინათლე მის ხელწერას კიდევ უფრო უნდა აძლიერებდეს, რაც აშკარა მინიშნებას მოგვცემს ამ კარიბჭის შესახებ.

შემდეგმა მოდელირებებმა შეიძლება გამოააშკარაოს სინათლის ტალღების სხვა მახასიათებლებიც, რომლებიც ღამის ცაზე ჭიის ხვრელების პოვნაში დაგვეხმარება იდეალური კუთხით ლინზირების გარეშე.

ჭიის ხვრელების ფიზიკაში შემდეგი შეზღუდვების შემოღებით, შეიძლება ახალი გზა გაეხსნას არა მხოლოდ ზოგადი ფარდობითობის კვლევას, არამედ იმ ფიზიკასაც, რომელიც ტალღებისა და ნაწილაკებისა ქცევას აღწერს.

ამას გარდა, ასეთი პროგნოზებით ნასწავლმა გაკვეთილებმა შეიძლება გამოააშკარაოს, სად ირღვევა ზოგადი ფარდობითობა და მიგვიყვანოს ისეთ აღმოჩენებამდე, რომლებიც კოსმოსს სრულიად ახლებურად დაგვანახებს.

კვლევა Physical Review D-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.