ასტრონომებმა ჩვენი გალაქტიკის ცენტრალურ სუპერმასიურ შავ ხვრელს ფოტო გადაუღეს — #1tvმეცნიერება
ასტრონომებმა ჩვენი გალაქტიკის ცენტრალურ სუპერმასიურ შავ ხვრელს ფოტო გადაუღეს — #1tvმეცნიერება

მოვლენათა ჰორიზონტის ტელესკოპის (EHT) თანამშრომლობის მეცნიერებმა ჩვენი გალაქტიკის ცენტრში მოთავსებულ სუპერმასიურ შავ ხვრელს ისტორიაში პირველი, პირდაპირი ფოტო გადაუღეს. უფრო კონკრეტულად, ეს გახლავთ მოვლენათა ჰორიზონტი — შავი ხვრელის კონტური, რომელიც წარმოადგენს იმ ზონას, საიდანაც შავი ხვრელის გრავიტაციულ ძალებს სინათლეც კი ვერ გაურბის.

აღმოჩენის შესახებ სპეციალური ღონისძიება გერმანიაში, ევროპის კოსმოსური ობსერვატორიის შტაბ-ბინაში გაიმართა და პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა სხვადასხვა პლატფორმით.

მოვლენათა ჰორიზონტის ტელესკოპის პროექტი ჩვენი მშობლიური გალაქტიკის გულს ბოლო ოთხი წლის განმავლობაში სწავლობდა, სადაც გაწოლილია სუპერმასიური შავი ხვრელი, სახელად მშვილდოსანი A*. პროექტზე 300-ზე მეტი მეცნიერი მუშაობდა მთელი მსოფლიოდან.

მშვილდოსანი A*-ს მასა ჩვენი მზისას დაახლოებით 4,3-მილიონჯერ აღემატება; მისი მოვლენათა ჰორიზონტის დიამეტრი 25,4 მილიონი კილომეტრია და მდებარეობს ჩვენგან დაახლოებით 25 800 სინათლის წლის მანძილზე, ირმის ნახტომის შუაგულში. სწორედ მის გარშემო მოძრაობს გალაქტიკაში არსებული ყველა დანარჩენი ობიექტი. შედარებისათვის გეტყვით, რომ მისთვის ფოტოს გადაღება დაახლოებით მთვარეზე ჩოგბურთის ბურთის გადაღებას ჰგავს დედამიწიდან. კიდევ ერთი მაგალითი — ექსპერტები მისთვის ფოტოს გადაღებას ადარებენ 1 მილიმეტრის ზომის ობიექტზე 13 000 კილომეტრის მანძილიდან დაკვირვებას.

ასევე შეგახსენებთ, რომ 2019 წელს, მოვლენათა ჰორიზონტის ტელესკოპის (EHT) თანამშრომლობის ფარგლებში, მეცნიერებმა ისტორიაში პირველად შეძლეს შავი ხვრელისთვის პირდაპირი ფოტოს გადაღება. ეს გახლდათ ჩვენგან 55 მილიონი სინათლის წლის მანძლზე მდებარე გალაქტიკა M87-ის ცენტრში მდებარე სუპერმასიური შავი ხვრელი. მისი მასა ჩვენი მზისას 6,5 მილიარდჯერ აღემატება. მისი მოვლენათა ჰორიზონტის რადიუსი დაახლოებით 20 მილიარდი კილომეტრია.

შავი ხვრელების გადაღება უკიდურესად რთულია, რადგან ისინი სრულებით უხილავია — შთანთქავენ მთელ ელექტრომაგნიტურ რადიაციას. 

კიდევ უფრო რთულია ჩვენი გალაქტიკის სუპერმასიური შავი ხვრელის, მშვილდოსანი A*-ს გადაღება, რადგან ის მტვრისა და გაზის ღრუბლით არის დაბურული, რაც მის შესწავლას განსაკუთრებით ართულებს.

ის, რასაც ფოტოზე ვხედავთ, გახლავთ შავი ხვრელის აკრეციული დისკო — გაზისა და მტვრის რგოლი, რომელიც შავი ხვრელის მორევში ჩაედინება და ამ დროს ექსტრემალურ რადიაციას გამოყოფს.

მოვლენათა ჰორიზონტის ტელესკოპის პროექტის ფარგლებში ჩართულია მსოფლიოს რამდენიმე უმძლავრესი რადიოტელესკოპი, რომლებიც ერთობლივად, დედამიწის ზომის ტელესკოპს წარმოქმნიან.