ორ კვირაში, ასტრონომები ირმის ნახტომის შესახებ ახალ, უპრეცედენტო ინფორმაციას გვამცნობენ — #1tvმეცნიერება
ორ კვირაში, ასტრონომები ირმის ნახტომის შესახებ ახალ, უპრეცედენტო ინფორმაციას გვამცნობენ — #1tvმეცნიერება

ორ კვირაში, ევროპის სამხრეთული ობსერვატორია (ESO) მსოფლიოს ირმის ნახტომის შესახებ ახალ ინფორმაციას ამცნობს.

არავინ იცის, რა ინფორმაციას შევიტყობთ, მაგრამ იმაზე დაყრდნობით, რაც მათი ბოლოდროინდელი ძალისხმევის შესახებ ვიცით, აღფრთოვანების მიზეზი ნამდვილად გვაქვს — შედეგები, რომლებსაც პრეზენტაციაზე წარმოგვიდგენენ, მოვლენათა ჰორიზონტის ტელესკოპის (EHT) პროექტს ეკუთვნის, რომელმაც 2019 წელს შავ ხვრელს ისტორიაში პირველი ფოტო გადაუღო.

უკვე ოთხი წელია, მოვლენათა ჰორიზონტის ტელესკოპის პროექტი ჩვენი მშობლიური გალაქტიკის გულს სწავლობს, სადაც გაწოლილია სუპერმასიური შავი ხვრელი, სახელად მშვილდოსანი A*.

რაც არ უნდა აღმოეჩინათ პროექტს მეცნიერებს, საქმე უდავოდ დიდ რაღაცასთან გვაქვს.

აღმოჩენის შესახებ პრესკონფერენცია 2022 წლის 12 მაისს, თბილისის დროით 17:00 საათზე გაიმართება, რასაც YouTube ღონისძიება მოჰყვება, რომელშიც მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას მყოფი ექვსი ასტრონომი მიიღებს მონაწილეობს. პრესრელიზის მიხედვით, წარმოდგენილი იქნება „ვრცელი დამხმარე აუდიოვიზუალური მასალა“.

თუკი ასტრონომებმა მშვილდოსანი A*-ს მოვლენათა ჰორიზონტისთვის პირდაპირი ფოტოს გადაღება შეძლეს, ეს ის ისტორიული მომენტი იქნება, რომელიც ნამდვილად არ უნდა გამოგრჩეთ.

შავი ხვრელების შესწავლა უკიდურესად რთულია, რადგან ისინი უხილავია, შთანთქავენ მთელ ელექტრომაგნიტურ რადიაციას. რისი ხილვის იმედიც შეიძლება გვქონდეს, ეს გახლავთ მოვლენათა ჰორიზონტი — შავი ხვრელის კონტური, რომელიც წარმოადგენს იმ ზონას, საიდანაც შავი ხვრელის გრავიტაციულ ძალებს სინათლეც კი ვერ გაურბის.

თუმცა, მშვილდოსანი A* მტვრისა და გაზის ღრუბლით არის დაბურული, რაც მის შესწავლას განსაკუთრებით ართულებს.

თუ ასტრონომებმა მისი მოვლენათა ჰორიზონტის გადაღება შეძლეს, ის მანათობელი „ფუნთუშის“ სახით გამოჩნდება. ეს გახლავთ შავი ხვრელის აკრეციული დისკო — გაზისა და მტვრის რგოლი, რომელიც შავი ხვრელის მორევში ჩაედინება და ამ დროს ექსტრემალურ რადიაციას გამოყოფს.

ESO-ს პრესრელიზი რაღაც „უპრეცედენტოს“ გვპირდება; სწორედ ეს სიტყვა გამოიყენეს 2019 წელს, შავი ხვრელის პირვლი ფოტოს წარმოდგენამდე ანონსშიც.

ის შავი ხვრელი გალაქტიკა M87-ის ცენტრში მდებარეობს და ჩვენს მზეს მასით 6,5 მილიარდჯერ აღემატება. მისი მოვლენათა ჰორიზონტის რადიუსი დაახლოებით 20 მილიარდი კილომეტრია.

ექსპერტები მისთვის ფოტოს გადაღებას ადარებენ 1 მილიმეტრის ზომის ობიექტზე 13 000 კილომეტრის მანძილიდან დაკვირვებას.

მშვილდოსანი A* ჩვენთან გაცილებით ახლოს არის, ჩვენი გალაქტიკის შუაგულში. თუმცა, სუპერმასიური შავი ხვრელის კვალობაზე ის საკმაოდ პატარაა და მასში თავს ირის მხოლოდ 4,3 მილიონი მზის მასა. მისი დაფიქსირება მხოლოდ იმიტომ ხერხდება, რომ დედამიწასთან გაცილებით ახლოს არის, ვიდრე გიგანტური M87*.

ამრიგად, თუ ასტრონომებმა მისი მოვლენათა ჰორიზონტისთვის ფოტოს გადაღება ბოლოსდაბოლოს შეძლეს, ეს მართლაც რევოლუციური მიღწევა იქნება.

მომზადებულია eso.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი