რა „ღონისძიებების“ გამო დახურა ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მთავრობამ ე.წ. საზღვარი სამი დღით
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ. სიმამაცისა და სახალხო ერთობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ტარდება, რის გამოც დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურმა ე.წ. საზღვარი სამი დღით ჩაკეტა.
ადგილობრივი მედია იმ ღონისძიებების შესახებ წერს, რის გამოც მოქალაქეებს გადაადგილების უფლება შეეზღუდათ.
ოკუპირებული ცხინვალის საშუალო სკოლებსა და უნივერსიტეტში ჩატარდა ღონისძიება „ისტორიის ერთი საათი“. ცხინვალში, ხეთაგუროვის ქუჩაზე დოკუმენტური ფილმების ტრანსლირება, ბიბლიოთეკებში კი წიგნების გამოფენა გაიმართა.
დღეს კი იმართება ავტოგარბენი და „სადღესასწაულო კონცერტი“.
ე.წ. საზღვარზე შეზღუდვა, დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურის გადაწყვეტილებით ხვალ საღამოს 21:00 სთ-ზე მოიხსნება, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობას გადაადგილება ოკუპირებულ რეგიონში 25 ნოემბრიდან შეეძლება.