რა ბედი ეწევა მსოფლიოში უდიდეს ყინულის საფარს, თუ დროულად არ ვიმოქმედეთ — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
მსოფლიოს უდიდესმა ყინულოვანმა ფარმა საუკუნეების განმავლობაში შეიძლება ზღვის დონის რამდენიმე მეტრით აწევა გამოიწვიოს, თუკი გლობალური ტემპერატურა 2 გრადუს ცელსიუსზე მეტით მოიმატებს; ამის შესახებ ახალი ბრიტანული კვლევა იუწყება.
დარემის უნივერსიტეტის მკვლევართა დასკვნით, თუკი სათბურის აირების გლობალური გამოყოფა მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება, აღმოსავლეთ ანტარქტიდის ყინულოვანმა ფარმა 2100 წლისთვის შეიძლება ზღვის დონის ნახევარი მეტრით აწევა განაპირობოს.
მკვლევართა განცხადებით, თუ სათბურის აირების გამოყოფა კიდევ უფრო მოიმატებს, 2300 წლისთვის ყინულის ეს საფარი ზღვის დონის 1-დან 3 მეტრამდე მომატებას გამოიწვევს, 2500 წლისთვის კი 2-დან 5 მეტრამდე აწევას.
თუმცა, შეფასების მიხედვით, თუკი აირების გამოყოფა დრამატულად შემცირდება, 2100 წლისთვის აღმოსავლეთ ანტარქტიდის ყინულოვანი ფარის წვლილი ზღვის დონის მატებაში მხოლოდ ორი სანტიმეტრი იქნება.
ეს კი გაცილებით ნაკლები იქნება, ვიდრე გრენლანდიასა და დასავლეთ ანტარქტიდაში მოსალოდნელი ყინულის დანაკარგი.
„ჩვენი ანალიზების საკვანძო დასკვნა ის არის, რომ აღმოსავლეთ ანტარქტიდის ყინულოვანი ფარის ბედი ჩვენს ხელშია. ყინულის ეს საფარი პლანეტაზე უდიდესია, შეიცავს იმდენ ყინულს, რომლის გადნობაც ზღვის დონეს 52 მეტრით ასწევდა; შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია, რომ ეს მიძინებული გიგანტი არ გავაღვიძოთ“, — ამბობს კვლევის ავტორი, დარემის უნივერსიტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის მკვლევარი კრის სტოკსი.
მისივე განცხადებით, თუკი არ დავუშვებთ გლობალური ტემპერატურის 2 °C-ზე მეტით მომატებას, რაც პარიზის კლიმატური შეთანხმების მიზანია, თავიდან ავიცილებთ ყველაზე უარეს სცენარს ან საერთოდაც შევაჩერებთ აღმოსავლეთ ანტარქტიდის ყინულოვანი ფარის დნობას და შესაბამისად, მის გავლენას ზღვის გლობალურ დონეზე.
მკვლევრები აღნიშნავენ, რომ ყველაზე უარესი სცენარები ნაკლებად სავარაუდოა.
2015 წელს, პარიზში, გაერო-ს კლიმატურ კონფერენციაზე, მსოფლიო ლიდერები შეთანხმდნენ, რომ არ დაუშვან გლობალური ტემპერატურის 2 °C-ზე მეტით მატება და ძალისხმევა მიმართონ მაქსიმუმ 1.5 °C-ით მატებისკენ.
მკვლევართა ჯგუფმა, რომელშიც შედიოდნენ მეცნიერები ბრიტანეთიდან, ავსტრალიიდან, საფრანგეთიდან და აშშ-დან, პროგნოზების გაკეთებისას შეისწავლა, როგორ პასუხობდა ყინულის საფარი წარსულის დათბობის პერიოდებს.
მიაგნეს მტკიცებულებას, რომელიც მიუთითებს, რომ სამი მილიონი წლის წინ, როდესაც ტემპერატურა დღევანდელზე დაახლოებით 2-4 °C-ით მაღალი იყო, აღმოსავლეთ ანტარქტიდის ყინულოვანი ფარის ნაწილი ჩაინგრა და გამოიწვია ზღვის დონის რამდენიმე მეტრით აწევა.
„ასევე არის მტკიცებულება, რომ დაახლოებით 400 000 წლის წინაც, გეოლოგიური თვალსაზრისით არც ისე შორეულ წარსულში, აღმოსავლეთ ანტარქტიდის ყინულოვანი ფარის ნაწილმა უკან, ხმელეთისკენ 700 კილომეტრით დაიხია გლობალური ტემპერატურის 1-2 °C-ით მატების საპასუხოდ“, — წერენ მკვლევრები.
კვლევის ერთ-ერთი ავტორი, ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტის მკვლევარი ნერილ აბრამი აცხადებს, რომ ყინულის ეს საფარი არც ისე სტაბილური და დაცულია, როგორც ერთ დროს გვეგონა.
კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.