ანტარქტიდის „აპოკალიფსის მყინვარის“ საკვანძო ნაწილი ხუთ წელიწადსაც ვეღარ გაძლებს — მეცნიერები გვაფრთხილებენ #1tvმეცნიერება
ანტარქტიდის „აპოკალიფსის მყინვარის“ საკვანძო ნაწილი ხუთ წელიწადსაც ვეღარ გაძლებს — მეცნიერები გვაფრთხილებენ #1tvმეცნიერება

ანტარქტიდაზე მდებარე მყინვარ ტუეიტსის რიტიკულად მნიშვნელოვანი ნაწილი, შელფური მყინვარი რამდენიმე წელიწადში ჩამოინგრევა, რაც კიდევ უფრო დააჩქარებს ამ სახელგანთქმული, „აპოკალიფსის მყინვარის“ დნობას.

ტუეიტსი დაახლოებით ფლორიდის შტატის ზომისაა და უკვე სწრაფად დნება, წელიწადში 50 მილიარდ ტონამდე ყინულს კარგავს. ასეთი შემზარავი ზედმეტსახელი, აპიკალიფსის მყინვარი მას იმიტომ უწოდეს, რომ მისი სრულად კოლაფსი გლობალურ ზღვის დონეს დაახლოებით ორი მეტრით ასწევს და ანტარქტიდის სხვა მყინვარებსაც გადნობის წინაშე დააყენებს.

მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერები ასეთ კატასტროფას სულ მცირე მომდევნო 200 წლის განმავლობაში არ ვარაუდობდნენ, ტუეიტსის ყინულის ამჟამინდელ დნობაზე მოდის ზღვის დონის წლიური აწევის დაახლოებით ოთხი პროცენტი. ოკეანის დონის აწევას შეუძლია დატბოროს სანაპირო ზონები, სადაც მილიონობით ადამიანი ცხოვრობს და მსოფლიოს უდიდესი ქალაქებია გაშენებული; დაზიანდება ინფრასტრუქტურა და წარმოიქმნება კატასტროფული შტორმები.

ამ ეტაპზე, ტუეიტსის აღმოსავლეთ რეგიონი გარკვეულწილად სტაბილურია და მყინვარის დანარჩენ ნაწილზე უფრო ნელა დნება. ამის მიზეზი ის არის, რომ შელფური მყინვარი — წყალქვეშა მთაზე დაბჯენილი მყინვარის წყალში შეტივტივებული გაგრძელება — მას ოკეანის თბილი წყლებისგან იცავს და მყინვარს ადგილზე ინარჩუნებს.

„როგორი სახითაც ის ახლაა, შელფური მყინვარი მას დამბასავით იცავს. თუმცა, ასე დიდხანს არ გაგრძელდება“, — განაცხადა ორეგონის სახელმწიფო უნივერსიტეტის გლაციოლოგმა ერინ პეტიმ რამდენიმე დღის წინ, ამერიკის გეოფიზიკოსთა კავშირის შეხვედრაზე.

პეტის განცხადებით, დამცავ აღმოსავლეთ შელფურ მყინვარზე ნაპრალები ობობას ქსელივით ვრცელდება, რაც მას მომდევნო ხუთ წელიწადში ასობით აისბერგად დაამსხვრევს, ზუსტად ისე, როგორც თქვენი მანქანის საქარე მინა ჩაიმსხვრეოდა.

მას შემდეგ, რაც ეს მოხდება, ტუეიტსის მყინვარის დიდი ნაჭერი ოკეანეში შეცურდება, სადაც ის ან წყალში დადნება, ან წყალქვეშა კლდეებს წამოედება, ან აისბერგებად დაიშლება.

პეტის განცხადებით, კვირიდან კვირამდე, აღმოსავლეთ შელფური მყინვარის თანამგზავრული ფოტოების ხილვა სულ უფრო შემაშფოთებელი ხდება. მისი თქმით, ყოველ ახალ სურათზე სულ უფრო ღრმა და გრძელი ნაპრალები ჩანს.

პეტი და მისი ჯგუფი შელფურ მყინვარს ტუეიტსის მყინვარის საერთაშორისო თანამშრომლობის (ITGC) ფარგლებში აკვირდებიან; ჯგუფი დაახლოებით 100 მეცნიერისგან შედგება. აშშ-ის ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და ბრიტანეთის ბუნებრივი გარემოს კვლევის საბჭოს ტუეიტსი იმდენად მნიშვნელოვნად მიაჩნიათ ზღვის დონის მატების თვალსაზრისით, რომ მყინვარის ხუთი წლის განმავლობაში შესასწავლად ამ თანამშრომლობას 25 მილიონი დოლარი გამოუყვეს.

ხუთწლიანი პროექტის შუაში, ჯგუფის მეცნიერთა მიერ შეგროვებულ მონაცემებში გამოჩნდა, რომ მყინვარი სულ უფრო მერყევი ხდება.

„მყინვარის წინა მხარეს დრამატული ცვლილება უნდა მოხდეს და თანაც, ალბათ ათ წელიწადზე ნაკლებ პერიოდში. შეიძლება კიდევ რამდენიმე ათწლეული დასჭირდეს სხვა ისეთ პროცესებს, რომლებიც ყინულის დინებას და მყინვარის უკან დახევას დააჩქარებს. საბოლოოდ, პროცესი დაჩქარდება და მყინვარის სახიფათო ნაწილი გაფართოვდება“, — ამბობს პროექტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ტედ სკამბოსი.

კრიტიკული აღმოსავლეთ შელფური მყინვარის დაბზარვასთან ერთად, ოკეანის თბილი წყალი მას ქვეშიდან ადნობს. დაპატარავებული ყინული ნელ-ნელა სცილდება იმ წყალქვეშა მთას, რომელიც მას ტუეიტსის მყინვარზე ამაგრებს.

პეტის განცხადებით, მომდევნო ათ წელიწადში ყინული მთლიანად დაკარგავს წყალქვეშა მთაზე საყრდენს. მისი ჯგუფის აზრით, იქამდე, დაბზარვა შელფურ მყინვარს მთლიანად დაამსხვრევს, მაგრამ ამის გადაჭრით თქმა რთულია.

ნებისმიერ შემთხვევაში, შელფური მყინვარის კოლაფსის შემდეგ, ოკეანის თბილი წყლის შესვლამ ტუეიტსის აღმოსავლეთ მესამედზე ყინულის დნობა შეიძლება სამჯერ ააჩქაროს. შედეგად, ოკეანეში წყლის ახალი მასები შევა და გაიზრდება ანტარქტიდის წვლილი ზღვის დონის მატებაში.

მკვლევრებმა დაზუსტებით არ იციან, რამდენად სწრაფად მოხდება ეს ყველაფერი. პეტის თქმით, ამ პროცესმა შეიძლება ათწლეულები გასტანოს, შეიძლება საუკუნეები.

„საშიშია. ცოტა არ იყოს, შემაშფოთებელი; განსაკუთრებით იდგე ყინულზე, უყურებდე ყინულის საფარს და ხედავდე, რომ ეს უზარმაზარი ზონა ჰორიზონტის მეორე მხარეს არსებულს წელიწადში დაახლოებით ორი კილომეტრით შორდება. ეს ერთი მყინვარი საკმარისია, რომ ზღვის დონეზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს“, — ამბობს პროექტის ხელმძღვანელი, ორეგონის სახელმწიფო უნივერსიტეტის გლაციოლოგი ერინ პეტი.

მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით.