ანტარქტიდის ყველაზე ცივ რეგიონში ჩაინგრა შელფური მყინვარი, რომელიც აქამდე სტაბილურად მიიჩნეოდა — #1tvმეცნიერება
ანტარქტიდის ყველაზე ცივ რეგიონში ჩაინგრა შელფური მყინვარი, რომელიც აქამდე სტაბილურად მიიჩნეოდა — #1tvმეცნიერება

ანტარქტიდის ერთ-ერთი შელფური მყინვარი, რომელიც აქამდე სტაბილურად მიიჩნეოდა და ზომით ქალაქ ნიუ-იორკზე დიდია — ჩაინგრა.

ამ შელფური მყინვარის ფართობი 740 კვადრატული კილომეტრია; The Associated Press-ის ცნობით, ეს აღმოსავლეთ ანტარქტიდაზე ისტორიაში აღრიცხული პირველი ამ სახის კოლაფსია.

„ანტარქტიდის ამ ნაწილში, რომელიც მიბმულია უმაღლეს, ყველაზე მშრალ და ცივ რეგიონს — აღმოსავლეთ ანტარქტიდას, ნამდვილად არ ველოდით შელფური მყინვარის კოლაფსს“, — ამბობს მინესოტის უნივერსიტეტის გლაციოლოგი პიტერ ნეფი.

შელფი მას შემდეგ დაიმსხვრა, რაც გასულ კვირაში ამ რეგიონში ტემპერატურამ მნიშვნელოვნად მოიმატა. კოლაფსი 14-16 მარტის შუალედში მოხდა.

რამდენიმე დღით ადრე, ანტარქტიკის ზეგანზე კვლევითმა სადგურმა საშუალოზე 21 გრადუსი ცელსიუსით მაღალი ტემპერატურა დააფიქსირა. წყლის ორთქლის გრძელმა სვეტმა, რომელსაც ატმოსფერულ მდინარეს უწოდებენ, სითბო ტროპიკებიდან ყინულოვანი კონტინენტისკენ წაიღო. ამავე დროს, გადაადგილდა და ანტარქტიდის თავზე გაჩერდა მაღალი წნევის სისტემა, სახელად „სითბური გუმბათი“, რამაც იქ სითბო და ტენი „ჩაჭედა“.

„სავარაუდოდ, ვხედავთ ოკეანის დიდი ხნის წინ დაწყებული გათბობის შედეგებს. ის უბრალოდ დნება და დნება“, — ამბობს მკვლევარი კატერინ უოლკერი.

ადამიანის საქმიანობის შედეგად, ატმოსფეროში სულ უფრო მეტი სათბურის აირი, ანუ სითბოს „ჩამჭედავი“ აირი ადის, მაგალითად, ნახშირორჟანგი. ამის გამო გლობალური ტემპერატურა იზრდება და პოლუსები პლანეტის დანარჩენ ნაწილებზე უფრო სწრაფად თბება.

ამ კონკრეტულ სითბურ ტალღამდე, ანტარქტიდაზე ყინული საფარი ყველაზე ნაკლები იყო მას შემდეგ, რაც კაცობრიობამ ამის აღრიცხვა დაიწყო.

ეს კონკრეტული შელფური მყინვარი 1970-იანი წლებიდან ნელ-ნელა მცირდება; მისი დნობა 2020 წლიდან ისე დაჩქარდა, რომ თვიდან თვემდე მისი ზომა საგრძნობლად მცირდებოდა. შელფი ორ მყინვარს შორის იყო გაწოლილი.

მისი კოლაფსი აჩვენებს, რომ არც ის ადგილებია დიდად დაცული, რომლებიც მეცნიერთა აზრით, კლიმატის ცვლილების ეფექტებისგან შედარებით უსაფრთხოდ იყო.

მომზადებულია The Associated Press-ის მიხედვით.