რა არსებობდა დიდ აფეთქებამდე - სტივენ ჰოკინგის პასუხი
რა არსებობდა დიდ აფეთქებამდე - სტივენ ჰოკინგის პასუხი

ჩვენი სამყარო დაახლოებით 13,8 მილიარდი წლის წინ დაიბადა, მაგრამ საინტერესოა, რა ხდებოდა დიდ აფეთქებამდე?

თოქ-შოუ Star Talk-ის ახალ ეპიზოდში, ნილ დეგრას ტაისონის სტუმარი სახელგანთქმული ფიზიკოსი სტივენ ჰოკინგი იყო. მათ მეტად რთულ თემაზე ისაუბრეს — რა უსწრებდა წინ დიდ აფეთქებას?

ჰოკინგის პასუხი ძალიან მარტივია – არაფერი.

მიუხედავად იმისა, რომ პასუხი მხოლოდ ერთ სიტყვაში ჩაეტია, არ გეგონოთ, რომ ყველაფერი ასე მარტივად არის. საბედნიეროდ, ჰოკინგი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეცნიერ-კომუნიკატორია.


ტაისონთან ინტერვიუში, დრო-სივრცის კონტინუუმის გამრუდებული ფორმის ანალოგად ჰოკინგმა დედამიწის ფორმა გამოიყენა.

„აინშტაინის ფარდობითობის ზოგადი თეორიის მიხედვით, დრო და სივრცე ერთიანდება დრო-სივრცის კონტინუუმში, რომელიც მასში არსებული მატერიისა და ენერგიის წყალობით არა ბრტყელი, არამედ გამრუდებულია“, — აღნიშნა ჰოკინგმა.

მეტი ინფორმაციისთვის, ჰოკინგმა გამოიყენა კვანტური გრავიტაციის ევკლიდეს მიდგომა . ამ მიდგომაში ჩვეულებრივი რეალური დრო ჩანაცვლებულია წარმოსახვითი დროით, რომელიც მეოთხე განზომილების სახით მოქმედებს.

„ევკლიდეს მიდგომაში, წარმოსახვით დროში სამყაროს ისტორია ოთხგანზომილებიანი გამრუდებული ზედაპირია, დედამიწის ზედაპირის მსგავსად, მაგრამ ორი დამატებითი განზომილებით“, — განაცხადა ჰოკინგმა.

საერთო ჯამში ექვსი განზომილება? ზუსტად რას ნიშნავს ეს ყოველივე?

ჰოკინგს სჯერა, რომ სამყაროს საზღვრები არ აქვს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ევკლიდეს დრო-სივრცის კონტინუუმი დახურული ზედაპირია დასასრულის გარეშე, დაახლოებით დედამიწის ზედაპირის მსგავსად.

„ჩვეულებრივი, რეალური დროის დასაწყისად შეიძლება ჩაითვალოს მაგალითად, სამხრეთ პოლუსი, რომელიც დრო-სივრცის გლუვი წერტილია, სადაც ფიზიკის ჩვეული კანონები მოქმედებს. სამხრეთ პოლუსის სამხრეთით აღარაფერია. შესაბამისად, არაფერი იყო არც დიდ აფეთქებამდე“, — აღნიშნავს ჰოკინგი.

ზუსტად ისევე, როგორც უკიდურეს სამხრეთ წერტილზე უფრო სამხრეთი არ არსებობს, არ შეიძლება დრო არსებულიყო დიდ აფეთქებამდე. სანაცვლოდ, დრო-სივრცე გაფართოვდა და განივრცო დროის ამ სინგულარული წერტილიდან, როგორც დედამიწის განედთა გრადუსები ივრცობა პოლუსებიდან.

მომზადებულია scienceaf.com-ის მიხედვით