რა არის ყირიმ-კონგოს ცხელება — #1TVმეცნიერება
რა არის ყირიმ-კონგოს ცხელება — #1TVმეცნიერება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში წელს ყირიმ-კონგოს 10 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.

რა არის ყირიმ-კონგოს ცხელება, როგორია მისი სიმპტომები და რა სახის მკურნალობაა საჭირო?

ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება (CCHF) არის ვირუსული ჰემორაგიული ცხელება, რომელიც ძირითადად ტკიპებს გადააქვთ. გადადება ასევე შესაძლებელია დაინფიცირებული ცხოველის ქსოვილებთან (ქსოვილთან, საიდანაც ვირუსი სისხლში შევიდა) კონტაქტით ამ ცხოველის დაკვლის დროს ან უშუალოდ დაკვლის შემდეგ. ყირიმ-კონგოს გავრცელება საფრთხეს წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სერვისებისთვის, რადგან ვირუსმა შეიძლება გამოიწვიოს ეპიდემიები, აქვს სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი (10-40%), ხშირია საავადმყოფოებსა და ჯანდაცვის დაწესებულებებში გავრცელების შემთხვევები, ამავე დროს, რთულია მისი პრევენცია და მკურნალობა. ყირიმ-კონგოს ცხელება ენდემურია აფრიკისთვის, ბალკანეთისთვის, ახლო აღმოსავლეთისა და აზიისათვის.

დაავადება პირველად 1944 წელს ყირიმში აღწერეს და სახელად ყირიმის ჰემორაგიული ცხელება უწოდეს. 1969 წელს დაადგინეს, რომ პათოგენი, რომელიც ყირიმის ჰემორაგიულ ცხელებას იწვევდა, იგივე იყო, რაც პათოგენი, რომელიც 1956 წელს კონგოში იდენტიფიცირებულ დაავადებას იწვევდა. ამ ორი ადგილის ასეთი კავშირი აისახა დაავადებისა და ვირუსის ამჟამინდელ სახელწოდებაში.

სიმპტომები

ტკიპის კბენით ვირუსის გადაცემის შემთხვევაში, ყირიმ-კონგოს ცხელების საინკუბაციო პერიოდი ძირითადად 1-3 დღეა, მაქსიმალური პერიოდი კი ცხრა დღე. ინფიცირებულ სისხლთან ან ქსოვილთან კონტაქტის შემთხვევაში, დაავადების საინკუბაციო პერიოდი ძირითადად 5-6 დღეა, მაქსიმალური პერიოდი კი 13 დღემდე გრძელდება.

სიმპტომები უცაბედად ვლინდება — ტემპერატურის მომატება, კუნთების ტკივილი, თავბრუსხვევა, კისრის ტკივილი, ტკივილი ზურგის არეში, თავის ტკივილი, თვალების წვა და ფოტოფობია (სინათლისადმი მგრძნობელობა). შეიძლება იყოს გულისრევის შეგრძნება, ღებინება და ფაღარათი, ტკივილი მუცლის არეში, ყელის ტკივილი, განწყობის მკვეთრი ცვალებადობა და დაბნეულობა. ორი ან ოთხი დღის შემდეგ, ნერვული აღგზნებადობა შეიძლება ჩაანაცვლოს ძილიანობამ, დეპრესიამ, დაღლილობამ, უხალისობამ, მუცლის ტკივილი შეიძლება ლოკალიზდეს ზედა მარჯვენა ნაწილში, გადიდებულია ღვიძლი.

სხვა კლინიკურ სიმპტომებს შორის არის ტაქიკარდია (გულისცემის მომატება), ლიმფადენოპატია (ლიმფური ჯირკვლების გადიდება) და პეტექიალური გამონაყარი (კანში სისხლჩაქცევებით გამოწვეული გამონაყარი) შიდა ლორწოვან ზედაპირებზე, მაგალითად, პირის ღრუსა და ყელში, და კანზე. პეტექია შეიძლება გადაიზარდოს უფრო დიდ გამონაყარში (ეკქიმოზი) და სხვა ჰემორაგიულ ფენომენებში. ჩვეულებრივ, არსებობს ჰეპატიტის მტკიცებულებაც, ძლიერ მძიმე პაციენტებს კი შეიძლება განუვითარდეთ თირკმლების სწრაფი გაუარესება, ღვიძლის უცაბედი უკმარისობა ან ფილტვების უკმარისობა დაავადების მიმდინარეობის მეხუთე დღეს.

მკურნალობა

ადამიანებში ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების მართვის მთავარ მიდგომას წარმოადგენს სიპტომების ზოგადი მხარდამჭერი მკურნალობა. აშკარა სარგებელი აქვს ანტივირუსულ პრეპარატ რიბავირინით მკურნალობას. ეფექტიანია როგორც ორალური, ისე ინტრავენური მიღება.

ყირიმ-კონგოს ცხელების სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაახლოებით 30 პროცენტია, სიკვდილი კი ძირითადად ავადობის მეორე კვირიას დგება. გამოჯანმრთელებულ პაციენტებში მდგომარეობის გაუმჯობესება იწყება დაავადების დაწყებიდან მეცხრე-მეათე დღეს.

ყირიმ-კონგოს ინფექციის პრევენცია ან კონტროლი ცხოველებსა და ტკიპებში ურთულესია, რადგან ტკიპა-ცხოველი-ტკიპის ციკლი ძირითადად შეუმჩნევლად მიდის და ძირითადად, შინაურ ცხოველებში ინფექცია აშკარა არ არის. გარდა ამისა, ინფექციის გადამტანი ტკიპები ძალიან ბევრი და ფართოდ გავრცელებულია; შესაბამისად, დაავადების კონტროლის ერთადერთი რეალური გზაა ტკიპების კონტროლი აკარიციდებით (ნივთიერებები, რომელიც ტკიპებს ანადგურებს).

არ არსებობს ვაქცინა ცხოველების ან ადამიანებისთვის. გამომდინარე აქედან, ადამიანებში ინფექციის შემცირების ერთადერთ გზას წარმოადგენს ცნობადობის გაზრდა რისკ-ფაქტორების შესახებ და ადამიანებისთვის იმ ზომების სწავლება, რომელთა მიღებაც მათ შეუძლიათ ვირუსისგან თავის ასარიდებლად.

მომზადებულია who.int-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი