ყირიმ-კონგოს ცხელებით ასპინძაში მცხოვრები 30 წლის მამაკაცი გარდაიცვალა
ყირიმ-კონგოს ცხელებით ასპინძაში მცხოვრები 30 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

ინფექციურ საავადმყოფოში ყირიმ-კონგოს ცხელებით ასპინძაში მცხოვრები 30 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, მამაკაცი ასპინძაში დაავადდა, რის შემდეგაც იგი თბილისში, ინფექციურ საავდმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა დაავადების სიმძიმიდან გამომდინარე, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

„ეს ადამიანი ასპინძაში დაავადდა, გარდაცვალება კი თბილისში, სამედიცინო დახმარების გაწევის შემდგომ მოხდა. ასპინძა, ისევე, როგორც სამცხე-ჯავახეთი, შიდა ქართლი, საქართველოს კიდევ რამდენიმე რეგიონი ენდემურია ამ დაავადებისთვის და ფიქსირდება ეს შემთხვევები. სამწუხაროდ, ეს არის უმძიმესი დაავადება, რომელიც ზოგ შემთხვევაში ლეტალურად მთავრდება“, – აღნიშნა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა, ხათუნა ზახაშვილმა.

მისივე თქმით, ყირიმ-კონგოს ცხელებით დაავადება ხდება ხოლმე ზაფხულსა და შემოდგომის დასაწყისში, როდესაც უფრო აქტიურია ტკიპების მიგრაცია.

„ადამიანები ცდილობენ, ცხოველები გაათავისუფლონ ამ მკბენარებისგან და ხშირად, სამწუხაროდ, არღვევენ ცხოველებთან მოპყრობის წესებს. ეს არის ტკიპების მოშორება. როგორც ცნობილი გახდა ჩვენთვის, ტკიპების მოშორება დაუცველი ხელით ხდებოდა. ეს არაფრით არ არის რეკომენდებული. ყოველთვის უნდა მოხდეს ხელთათმანებით ან სპეციალური პრეპარატების გამოყენებით, რომელიც არც ცხოველისთვის არის საზიანო, ცხოველზე მყოფი ტკიპებიც აღარ გადავა და ადამიანისთვისაც უსაფრთხოს გახდის“, – აღნიშნა ხათუნა ზახაშვილმა.

ხათუნა ზახაშვილის ინფორმაციით, წელს, ზაფხულისა და შემოდგომის თვეებში ყირიმ-კონგოთი დაავადდა ექვსი და გარდაიცვალა სამი ადამიანი.

„დაავადების რისკს რაც შეეხება, უმთავრესად ეს არის სექტემბრის ბოლომდე, თუმცა დაზღვეულები არასდროს ვართ და ყოველთვის უნდა დაიცვან ის ჩვეულებრივი წესები, განსაკუთრებით იმ ადამიანებმა, ვინც სოფლის მეურნეობაში მესაქონლეობით არის დაკავებული, ვინაიდან შინაური ცხოველებიც ითვლება ერთ-ერთ შუალედურ რეზერვუარად ამ დაავადებისთვის და ტკიპები არის მათი ძირითადი რეზერვუარი დაავადების და გადამტანიც. წელს დაავადების მეექვსე შემთხვევაა, სამი გარდაცვალების შემთხვევა ამ ზაფხულის, შემოდგომის თვეებში დაფიქსირდა“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს ხათუნა ზახაშვილმა.

დატოვე კომენტარი