რა არის ილონ მასკის Starlink-ი და როგორ მუშაობს — #1tvმეცნიერება
რა არის ილონ მასკის Starlink-ი და როგორ მუშაობს — #1tvმეცნიერება

რამდენიმე დღის წინ, ილონ მასკმა უკრაინის ტერიტორიაზე თანამგზავრული ინტერნეტის პროგრამა Starlink-ი აამოქმედა, ქვეყანას გაუგზავნა სპეციალური, მიმღები ტერმინალებიც. თუ SpaceX-ის რაკეტების გაშვებებს თვალს ადევნებთ, Starlink-ის ინტერნეტის პროგრამის შესახებ აქამდეც აუცილებლად გექნებოდათ გაგონილი.

Starlink-ი SpaceX-ის რაკეტა Falcon 9-ს იყენებს დედამიწის ორბიტაზე თანამგზავრთა უზარმაზარი სისტემის მოსაწყობად, სადაც ისინი ერთმანეთს უერთდებიან და უზრუნველყოფენ ინტერნეტს. ტრადიციული თანამგზავრული ინტერნეტსერვისისგან განსხვავებით, Starlink-ი რამდენიმე საოცარ ინოვაციას გვპირდება, მათ შორის, გაცილებით დაბალ შეყოვნებას, ვიდრე ეს ისტორიულად აქვთ თანამგზავრულ პროვაიდერებს; მომხმარებელთა მცირე ნაწილს ბეტა პროგრამის ფარგლებში ინტერნეტი უკვე მიეწოდება.

ამ მიმართულებით, Starlink-ის კონკურენტები არიან Amazon-ი, Hughesnet-ი და OneWeb-ი, რომლებიც ორბიტაზე ასევე აწყობენ ასეთივე პროგრამებს.

შევეცდებით აგიხსნათ, როგორ მუშაობს Starlink-ი, რამდენად საიმედოა მისი გამტარუნარიანობა და ვის შეეძლება SpaceX-ის ამ ინტერნეტსერვისთან მიერთება.

რა არის Starlink-ი?

Starlink-ი თანამგზავრების უზარმაზარი ჯგუფია, რომელიც უზრუნველყოფს ფართოზოლიან ინტერნეტს. SpaceX-ის მიზანია, ამ ახალი სერვისით უზრუნველყოს მაღალი სიჩქარის, დაბალი შეყოვნების ფართოზოლიანი ინტერნეტკავშირი პლანეტის ისეთ ზონებშიც კი, სადაც ინტერნეტი ტრადიციულად არ არის, მათ შორის სასოფლო ზონებში; ურბანულ სივრცეებს კი შეიძლება კონკურენტუნარიანი ფასიც შესთავაზოს.

მომხმარებლები თანამგზავრებს სახლში დამონტაჟებული პატარა თანამგზავრული მიმღებით დაუკავშირდებიან. ამ თანამგზავრული ტერმინალების დამონტაჟება შესაძლებელია ყველგან, სადაც ცისკენ ხედი ღიაა. უკეთესი სერვისისთვის, საუკეთესო არჩევანი იქნება ანტენაზე ან სახურავზე დაყენება. აღჭურვილობისთვის საუკეთესო ადგილმდებარეობას თავად Starlink-ის აპლიკაცია შემოგთავაზებთ, რომელიც Android-სა და iOS-ზეა ხელმისაწვდომი.

SpaceX-ის ხელმძღვანელმა ილონ მასკმა Starlink-ი პირველად 2015 წელს დააანონსა. მას შემდეგ, პროგრამამ უკვე გაუშვა დაახლოებით 2000 თანამგზავრი, მაგრამ დედამიწის დაბალ ორბიტაზე დაგეგმილია გაცილებით მეტი, დაახლოებით 40 000 თანამგზავრის გაშვება.

ვის შეუძლია Starlink-ით სარგებლობა ახლა?

ვიდრე Starlink-ის შეკვეთას გადაწყვეტდეთ, აუცილებელია იცოდეთ, რომ ის ჯერ ყველგან ხელმისაწვდომი არ არის. კომპანია აქტიურად მუშაობს, რომ გლობალური დაფარვისთვის საჭირო რაოდენობის თანამგზავრი გაუშვას.

ამჟამად Starlink-ი მომხმარებელს სთავაზობს „სულ არაფერზე უკეთეს ბეტა“ საცდელ სერვისს, რომელიც მსოფლიოს 15-მდე ქვეყანაშია ხელმისაწვდომი.

რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სერვისი ამ ქვეყნების მთელ ტერიტორიაზეა ხელმისაწვდომი. Starlink-ი საკუთარ სერვისს მხოლოდ გარკვეულ ზონებში უშვებს. პროგრამის ვებგვერდზე შეგიძლიათ შეამოწმოთ, არის თუ არა სერვისი ხელმისაწვდომი თქვენს საცხოვრებელ არეალში. ამავე ვებგვერდის მონაცემებით, თბილისში Starlink-ის სერვისით სარგებლობა 2023 წლიდან იქნება შესაძლებელი.

რა ღირს Starlink-ი?

ამჟამინდელი ბეტა სერვისის ფასი თვეში 99 დოლარია. ამას გარდა, მოგიწევთ ერთჯერადი ხარჯიც — აღჭურვილობა, რომელიც 499 დოლარი ღირს. აღჭურვილობაში შედის თანამგზავრული თეფშის სამაგრი, თეფში და ინტეგრირებული Wi-Fi როუტერი.

შეიძლება ძვირი ჩანს, მაგრამ ფასი საკმაოდ კონკურენტუნარიანია სხვა ტრადიციულ თანამგზავრულ პროვაიდერებთან შედარებით. გარდა ამისა, გაცილებით მაღალია სიჩქარეც.

როგორ მუშაობს Starlink-ი?

თუ თანამგზავრული ინტერნეტით ოდესმე გისარგებლიათ, შეიძლება კარგად იცოდეთ, რამდენად ხშირია ხარვეზები, გაჭედვა, რაც შეუძლებელს ხდის თუნდაც თამაშს ან ვიდეოკონფერენციებს. ასეთი ხარვეზების აღმოსაფხვრელად, SpaceX-ის Starlink-ის თანამგზავრები უფრო დაბალ ორბიტაზე ოპერირებენ, ვიდრე სხვები. ეს კი უზრუნველყოფს მეტ სიჩქარეს და უკეთეს ხარისხს, მაგრამ თანმიმდევრულობა ჯერ მაინც არ არის ისეთივე კარგი, როგორიც საკაბელო ინტერნეტის შემთხვევაში.

ვინაიდან ეს თანამგზავრები დედამიწასთან გაცილებით ახლოს არის, არ აქვთ სხვა თანამგზავრების მსგავსი დაფარვის დიდი არეალი. სწორედ ამიტომ სჭირდება კომპანიას ბევრი თანამგზავრის გაშვება.

თანამგზავრებთან კომუნიკაციისათვის, კომპანიამ მთელ მსოფლიოში ააგო სიგნალების გაცვლისათვის საჭირო „კარიბჭეები“; ამავე დროს, ექსპერიმენტულ ცდებს გადის ლაზერული ტექნოლოგია, რომელიც პირდაპირ თანამგზავრებთან კომუნიკაციის საშუალებას იძლევა და „კარიბჭეები“ საჭირო აღარ იქნება.

Starlink-ის მომხმარებლებისთვის ეს იმას ნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც აღჭურვილობას დაამონტაჟებენ, ანტენა ავტომატურად მოძებნის და შეუერთდება უახლოს თანამგზავრს. ვინაიდან თანამგზავრები ჯაჭვურად მოძრაობენ, ყოველი თანამგზავრი ეძებს შემდეგს, ის კიდევ შემდეგ და ასე წარმოიქმნება მომხმარებელთათვის უწყვეტი კავშირი

ინტერნეტის სიჩქარე

Starlink-ის ვებგვერდის თანახმად, ინტერნეტის ჩამოტვირთვის სიჩქარე 50 – 150 Mbps-ს შორის იქნება, ატვირთვის სიჩქარე კი 10 Mbps. ეს სიჩქარე მომხმარებელთა საჭიროებების უმეტესობისთვის საკმარისია, იქნება ეს გეიმინგი, დისტანციური მუშაობა, სტრიმინგი თუ ვირტუალური სწავლება.

ამჟამად Starlink-ს დროდადრო შეფერხებები აქვს, რადგან ჯერ კიდევ მიმდინარეობს ორბიტაზე თანამგზავრების რაოდენობის ზრდა.

მოძრაობა ღამის ცაზე

Starlink-ის თანამგზავრები შედარებით პატარებია, თითოეული დაახლოებით 250 კილოგრამს იწონის. ყოველი თანამგზავრი წარმოადგენს ერთგვარ როუტერს, რომელსაც ფრენა შეუძლია და მზის ენერგიაზე მუშაობს. მომხმარებლის ტერმინალთან დასაკავშირებლად, თანამგზავრებს დედამიწისკენ მომართულ მხარეს ანტენების ნაკრები აქვთ. ასევე აღჭურვილია კრიპტონის აირის ძრავებით, რომლებიც მათ ორბიტაზე ინარჩუნებს და ამავე დროს, ვადის გასვლის შემდეგ, ორბიტიდან მოხსნასა და ატმოსფეროში დაწვაში დაეხმარება.

Starlink-ის თანამგზავრები მატარებლის მსგავსი კონფიგურაციით არის განლაგებული, რისი მიზეზიც დაბალ ორბიტაზე ყოფნაა. უფრო მაღალ ორბიტაზე მოთავსებული თანამგზავრები დედამიწის უფრო დიდ ნაწილს ფარავენ, დაბალ ორბიტაზე კი დაფარვის ზონა მცირეა.

ეს იმას ნიშნავს, რომ როდესაც ერთი თანამგზავრი გავა Starlink-ის მომხმარებლის დიაპაზონიდან, მას უმალ ანაცვლებს მეორე და უწყვეტად უზრუნველყოფს მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის მიწოდებას. ორბიტაზე ჯერ სრულყოფილი სერვისისთვის საკმარისი ოდენობის თანამგზავრი არ იმყოფება და ამიტომ, SpaceX მათ გაშვებას აქტიურად განაგრძობს.

ვინაიდან ისინი ასე დაბალ ორბიტაზე მოძრაობენ, ხშირად ღამის ცაზე შეუიარაღებელი თვალითაც ჩანან.

მომზადებულია Digital Trends-ის მიხედვით.